ნათია თურნავას ინფორმაციით, მარტის მეორე ნახევარში საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მარტის განმავლობაში საქართველოში კვირაში 70-მდე ფრენა განხორციელდება, ზაფხულში კი ფრენების სიხშირე კვირაში 200 ფრენამდე გაიზრდება.
მისივე თქმით, ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„მთლიანობაში გვაქვს სურათი შემდეგი, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში დაახლოებით 70-მდე რეგულარული სამგზავრო ფრენა სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში იქნება კვირაში დაახლოებით 200 ფრენა, მაშინ, როდესაც თუნდაც გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში, ანუ უკვე შვიდჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა“, – დასძინა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტები ჩამოვლენ.
„ასევე, სასიხარულო ინფორმაციაა, რომ უკვე გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები. კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია „არკია“ შეასრულებს სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს, 19, 22 და 26 მარტს თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით. ეს არის შემსუბუქების პირველი შედეგი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.