ნათია თურნავამ მეზღვაურებს მიმართა - პანდემიის პერიოდში ყველაზე პირველებმა დანერგეთ უსაფრთხოების წესები, რამაც საქართველო ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ადგილად აქცია
ნათია თურნავამ მეზღვაურებს მიმართა - პანდემიის პერიოდში ყველაზე პირველებმა დანერგეთ უსაფრთხოების წესები, რამაც საქართველო ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ადგილად აქცია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მეზღვაურებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც თურნავამ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, მეზღვაურის პროფესია სწორედ ახლა, ამ რთულ, პანდემიის პერიოდში გამოცხადდა საკვანძო პროფესიად, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო არენაზე.

„დღეს, როდესაც მსოფლიო და საქართველო ებრძვის ამ ახალ გლობალურ გამოწვევას, გლობალურ პანდემიას, თქვენ და ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ძალიან კარგად ვართმევთ თავს. მეზღვაურის პროფესია სწორედ ახლა, ამ რთულ პერიოდში გამოცხადდა საკვანძო პროფესიად, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო არენაზე. ყველაზე პირველებმა თქვენ დანერგეთ უსაფრთხოების წესები, რამაც არამარტო უსაფრთხო დანიშნულების ადგილად აქცია საქართველო ტურისტულად, არამედ ჩვენ კიდევ ვართ უსაფრთხო მეზღვაურებისთვის ჰაბი. არც ერთი დღე, არც ერთი საათი არ გაჩერებულა ჩვენი პორტების მუშაობა. 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და ამან შედარებით უფრო უმტკივნეულოდ გადაგვატანინა ეს რთული დღეები.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩართულები ვართ, ჩვენი ძალისხმევით, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენი უდიდესი მონდომებით, რეპატრიაციის და როტაციის პროცესში, თქვენ ჩვენი მეზღვაურები. თქვენ ხართ ჩვენი სახე საერთაშორისო ასპარეზზე, ძალიან ძლიერი, ძალიან მამაცი და პროფესიონალური სახე. ამიტომაც, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას, იგივე ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში. თუკი რამე გვევალება თქვენს სფეროში, პრაქტიკულად, თითქმის ყველა დირექტივა არის დანერგილი და ძალიან ამაყები და წელგამართულები ვართ ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გვეხმარება, რომ ეს სფერო კიდევ უფრო წარმატებული გახდეს და USAID-ის პროგრამის მეშვეობით გვიფინანსებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში, რომ რეალურ, შავი ზღვის კარიბჭედ გარდავიქმნათ. ყველაფრისთვის დიდი მადლობა თქვენ. მთელი მთავრობა ყოველთვის თქვენ გვერდში გვიგულეთ, ყოველთვის“,- განაცხადა ნათია თურნავამ.