ნათია თურნავამ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ფრანკფურტში, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – „გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება – ეკონომიკური შედეგები ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“ მონაწილეობენ.
ეროვნული ბანკის ცნობით, კონფერენცია მიზნად ისახავს რეგიონში არსებული ეკონომიკური და ფინანსური საკითხების განხილვას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონფერენციას წელს პირველად ესწრებიან არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ პოტენციური კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავამ ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობას.
ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავამ და პაპუნა ლეჟავამ სამუშაო შეხვედრები ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან გამართეს. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს ევროგადახდების ერთიან სივრცეში (SEPA) გაწევრიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო ევროგადახდების ერთიან სივრცეში (SEPA) გაერთიანებისკენ ისწრაფვის. ამ ინიციატივას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ის ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ფინანსური სერვისის მომხმარებლებს. ამ მიზნით, საქართველომ დააჩქარა საკანონმდებლო პროცედურები და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისი გახადა. კერძოდ, ჩვენი კანონები ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებს დავუახლოვეთ, რაც SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები დოიჩე ბანკის (Deutsche Bank), „პროკრედიტ ჰოლდინგის“ (Procredit Holding) და „ფაინენს ინ მოუშენის“ (Finance in Motion) წარმომადგენლებთან.
ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.