საქართველოს ეროვნული ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი გადახდების ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

13:04, 09.10.2024

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) საბაზრო ინფრასტრუქტურისა და გადახდების გენერალურ დირექტორს, ულრიხ ბინდსაილს და ECB-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

სებ-ის ინფორმაციით, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ულრიხ ბინდსაილს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის შესახებ სებ-თან განახლებული დისკუსიისთვის.

შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული ბანკის გუნდმა საქართველოს არსებული საგადახდო ინფრასტრუქტურა და მიმდინარე პროექტები გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ფინტექ სტრატეგიის განხორციელების შესახებ.

საუბარი შეეხო სებ-სა და ECB-ში მიმდინარე რეფორმებსა და ზედამხედველობის პრაქტიკას.

„ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას გადახდების ზედამხედველობის სფეროში და საქართველოს ევროკავშირის მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობის მხარდაჭერაში“, – აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.

მსგავსი