ნათია თურნავამ ეკონომიკის დარგის მეცნიერებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკის დარგის მეცნიერებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სექტორზე, რომლის ეტაპობრივი ამოქმედებაა დაგეგმილი. ამავე დროს, აღინიშნა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა სტიმულირების პროგრამას აამოქმედებს ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების მიმართულებითაც.
შეხვედრა ელექტრონულ ფორმატში გაიმართა და მასში 30-ზე მეტმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სასწავლო-აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევის ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება.
„ყოველთვის ძალიან საინტერესოა მეცნიერ-ეკონომისტების მოსმენა. ჩვენი ეკონომიკა დღეს საჭიროებს შველას, დახმარებას და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური წრეების ჩართულობა და მათი მოსაზრებების მოსმენა და გაზიარება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.