ნათია თურნავა - ოპოზიცია დათვურ სამსახურს უწევს ტურიზმის ინდუსტრიას, როცა ხატავს სურათს, თითქოს რაღაც კატასტროფა ხდება
ზოგიერთი პოლიტიკოსი დათვურ სამსახურს უწევს ტურიზმის ინდუსტრიას, როცა ისეთ სურათს ხატავს, თითქოს რაღაც კატასტროფა ხდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ გულისხმობს ოპოზიციას.
„ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა, რომ იაფფასიანი ქულები დაიწეროს ახლა, ვითომ ტურიზმს დაუდგა გამოწვევა. ისინი დათვურ სამსახურს უწევენ ტურიზმის ინდუსტრიას, როცა ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს რაღაც კატასტროფა ხდება ტურიზმში. ვგულისხმობ ოპოზიციას, ვინც გამოდის და ეჯიბრება ერთმანეთს, თითქოს ტურიზმის გვერდში დგომაში. არ მინდა, კონკრეტულად დავასახელო პიროვნებები. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან, სამწუხაროდ, იაფფასიანი ქულების დაწერის მსურველი ბევრია ქვეყანაში და მე მათ მინდა ვუთხრა, რომ შეხვდნენ ტურიზმის ინდუსტრიას და მოუსმინონ.
პირველ რიგში, მთავარია არ დავაზარალოთ ქვეყნის იმიჯი და არ დავხატოთ ისეთი სურათი, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და მომავალშიც, როდესაც კორონავირუსის საფრთხე გადაივლის, არ დავაზარალოთ ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.