ნათია თურნავა - ზამთრის კურორტები წყვეტენ მუშაობას, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია
ზამთრის კურორტები წყვეტენ მუშაობას, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
მინისტრმა განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, გადაწყდა, რომ სამთო-სათხილამურო სეზონი იხურება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვადაზე ადრე დავხურავთ ზამთრის სეზონს ზამთრის კურორტებზე. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ უკვე დავალება გაცემული მაქვს და საბაგიროების მუშაობა შეწყდება, მოხდება კონსერვაცია ჩვენი ტექნიკის, რომელიც ემსახურებოდა კურორტს, ასევე დასაწყობება. შესაბამისად, კურორტები წყვეტენ მუშაობას და ეს არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი ვირუსის გავრცელების პრევენციასთან მიმართებაში“, – განაცხადა მინისტრმა.
მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები.