ნათია თურნავა - ყველამ ხელახლა აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში და ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, პროექტს „აღმოაჩინე ის, რაც შენია“ განაგრძობს. პროექტის ფარგლებში ადმინისტრაციამ სამეგრელოს შემდეგ, ტური თუშეთში მოაწყო. რეგიონს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ეწვივნენ.
მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა ომალოში კესელოს ციხის კოშკები დაათვალიერეს, ასევე თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს ეწვივნენ. ეროვნული პარკის ფიჭვნარში თუშური კერძების მასტერკლასი გაიმართა.
პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო – „აღმოაჩინე ის, რაც შენია“. ამ სლოგანით ადმინისტრაცია ქვეყნის ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ახდენს.
ეკონომიკის მინისტრი ყველას მოუწოდებს, შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით, აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში.
„დღეს, როდესაც პანდემიის გამო უჭირს ტურისტს და საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლის თვალსაზრისით შეფერხებება, ჩვენ ამაში შესაძლებლობა დავინახეთ. ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ხელახლა აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში და ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის. კამპანიაში ჩავერთეთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ყველა ჩემი კოლეგა, მთავრობის წევრები და არა მხოლოდ მთავრობის წევრები, ბიზნესი, დიპლომატიური კორპუსი. ვმოგზაურობთ იმისთვის, რომ საკუთარი მაგალითით წავახალისოთ და მოვუწოდოთ ყველას, აღმოაჩინოს ეს შესანიშნავი ძეგლები, შესანიშნავი ადგილები, ჩვენი განუმეორებელი ბუნება, რითაც ძალიან მდიდრები ვართ, ესტუმრონ ჩვენს კურორტებს. გარდა იმისა, რომ ეს არის მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება, არის ძალიან კარგი პატრიოტული საქმე, დავეხმაროთ ადგილობრივ ტურიზმს. მე დღეს ვიმყოფები თუშეთში კესელოს კოშკებთან. დედამიწის ზურგზე ამაზე უკეთესი და უნიკალური ბევრი ადგილი არ მეგულება. ყველას მოვუწოდებ, რომ კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ, ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და მოუწოდონ ყველა თავის ნაცნობს, რომ იგივე მაგალითს მიბაძონ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მარიამ ქვრივიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მეტი მოქალაქე დაინტერესდება საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობით.
„შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ ვიმყოფებით თუშეთში, დავიწყეთ კამპანია – „იმოგზაურე საქართველოსთვის“, რის ფარგლებშიც იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე დაინტერესება ჩვენ ქვეყანაში მოგზაურობით. დღევანდელი ტური არის ძალიან საინტერესო, რადგან ჩვენ მოვინახულებთ უამრავ უნიკალურ ადგილს. მათ შორის ახლა ვიმყოფებით კესელოს კოშკებზე, ვესტუმრეთ ასევე თუშეთის დაცულ ტერიტორიებს, ეროვნულ პარკს, გავეცანით ადგილობრივ კულინარიას. ჩვენთან ერთად იმყოფებიან შეფმზარეულები, რომლებიც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენენ იმ უნიკალური კულინარიის ღირებულებას, რომელიც აღნიშნულ რეგიონს გააჩნია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.