ნათია თურნავა - ვვარაუდობთ, რომ სუბსიდირების პროგრამაში 100-მდე სპორტული ობიექტი და სულ მცირე 50-მდე საბავშვო ბაღი ჩაერთვება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდება სპორტულ ობიექტებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზეც.
მისი განმარტებით, სუბსიდირების პროგრამა შეეხება როგორც საბანკო სესხს, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხსა და ლიზინგის პროცენტს.
„სპოტული ობიექტების შემთხვევვაში შეეხება ფიტნეს ცენტრებს, საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს, სპორტულ დარბაზებს, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია. ანუ, ის კერძო კომპანიები, ვინც დაკავებულია სპორტული აქტივობით და ფლობენ მსგავს ობიექტებს, აქვთ აღებული სესხი, გნებავთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, გნებავთ, იხდიან ლიზინგით პროცენტს ან საბანკო სესხის პროცენტს, მათაც 80 პროცენტით დავუსუბსიდრებთ სესხის პროცენტს.
საბავშვო ბაღები ამ ეტპაზე ვერ განაახლებენ მუშობას, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება მათი საქმიანობის განახლება. აქაც მნიშვნელოვანი იქნება ეპიდვითარება, მცირეწლოვან ბავშვებზე გვაქვს საუბარი, ამიტომ ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნას და მათზეც ვავრცელებთ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამას.
ეს არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, საბავშვო ბაღები, მათ შორის ინკლუზიური საჭიროების მქონე ბავშვებსთვის განკუთვნილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. აქაც 80 პროცენტით დავასუბსიდრებთ 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტს. ჩვენი მოლოდინია და ბიზნესთან კომუნიკაციით ვიცით, რომ სპორტული ობიექტების სუბსიდრების პროგრამაში დაახლოებით 100-მდე ობიექტი ჩაერთვება, საბავშვო ბაღების სულ მცირე 50-მდე ობიექტი. თუცმა, ეს წინასწარი ვარაუდია, შეიძლება, რიცხვი უფრო მეტი იყოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთის 80 პროცენტის სუბსიდირება რესტორნებთან ერთად შეეხება სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებს.