ნათია თურნავა - ვმუშაობთ, რომ ტურიზმის სექტორს ეფექტიანი ანტიკრიზისული გეგმა შევთავაზოთ
ნათია თურნავა - ვმუშაობთ, რომ ტურიზმის სექტორს ეფექტიანი ანტიკრიზისული გეგმა შევთავაზოთ

ვმუშაობთ, რომ უახლოეს პერიოდში ტურიზმის სექტორს ანტიკრიზისული გეგმა შევთავაზოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

„პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები შევხვდით საბანკო სექტორს. შეხვედრას ჰქონდა ორი მიზანი – ერთად ვიმუშაოთ და შევთავაზოთ უახლოეს პერიოდში ტურიზმის სექტორს გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც იქნება ეფექტური და ამაში ჩვენც და საბანკო სექტორიც ერთიანი ვართ, ჩვენი მოკავშირეა საბანკო სექტორი; მეორე ამოცანა იყო, რომ ერთმანეთისთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა, პერსპექტივები, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით,- განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვედრა გაიმართა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთანაც და დღევანდელი შეხვედრა, სწორედ, ამ სამუშაო პროცესის გაგრძელება იყო.

„ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ტურიზმის ინდუსტრიასთან. შევხვდით სხვადასხვა ზომის სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ პირველი დარტყმა კორონავირუსმა, ამ გლობალურმა გამოწვევამ, ტურიზმის ინდუსტრიაზე მიიტანა“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფოს ამ მიმართულებებით ექნება საკმაოდ მწყობრი ხედვა და გეგმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შორის დღეს შეხვედრა შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფორმატში განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ვირუსის მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, ტურისტული ინდუსტრია. პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ.