ნათია თურნავა - „ვიზეარსა“ და „რაინეარს“ კითხვები თუ უჩნდებათ, პირდაპირ მოგვმართავენ, კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს
ნათია თურნავა - „ვიზეარსა“ და „რაინეარს“ კითხვები თუ უჩნდებათ, პირდაპირ მოგვმართავენ, კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს

აგვისტოში გავაგრძელებთ რეგულარული ფრენების დროებითი შეჩერების რეჟიმს, მაგრამ დავუშვებთ კონკრეტულ ფრენებს უსაფრთხო დერეფნების მიხედვით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების „ვიზეარისა“ და „რაინეარის“ ოპერირების განახლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა შეთანხმდეს ფრენების ოპტიმალური რაოდენობა, რაც კომპანიებისთვისაც მომგებიანი იქნება კომერციულად და არც ქვეყანას დააზარალებს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

„რაც შეეხება „რაინეარსსა“ და ვიზეარს“, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ 2016 წელს „ვიზეარი“ საქართველოში შემოსულიყო და 2019 წელს არსებითად გაეფართოებინა არეალი, ასევე იმისთვის, რომ 2019 წელს „რაინეარი“ შემოსულიყო. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებული პარტნიორობაა. მათთან ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, რომ გავიდეთ ფრენების ოპტიმალურ რაოდენობაზე, რაც მათთვისაც კომერციულად მომგებიანი იქნება და არც ჩვენ დაგვაზარალებს ეპიდემიოლოგიურად. ვხედავ, არის მცდელობები, ვიღაცამ ჩვენს შორის მედიატორის ფუნქციები იკისროს, ეს საჭირო არ არის, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, თუ აღნიშნულ კომპანიებს შეკითხვები უჩნდებათ, სამინისტროს პირდაპირ მიმართავენ.

„კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ ცოტათი მიკვირს ხოლმე სხვადასხვა ტიპის კითხვები. ძალიან მარტივია ჩვენი მოტივაცია – ეს არის ადამიანების დაცვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.