ნათია თურნავა - ვითარება დინამიურია, ამიტომ საბოლოოდ ჯერ არ შეიძლება თქმა, როგორი იქნება პირველი ტურისტული გეოგრაფია
ვითარება ძალიან დინამიურია, ამიტომ არ შეიძლება, საბოლოოდ თქმა, როგორი იქნება პირველი ტურისტული გეოგრაფია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
მისი თქმით, მთავარია, რომ საქართველოს თავისი საშინაო დავალება კარგად აქვს შესრულებული.
„აქცენტი გავაკეთეთ ისეთ ქვეყნებზე, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება კარგად იყო მართული. ახლა ველოდებით რამდენიმე რამეს, მთავარი არის, რომ თვითონ ევროპული ქვეყნები ერთმანეთთან გადიან კონსულტაციებს, როგორ რეჟიმში იქნებიან, ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რასაც ველოდებით, არის ის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ერთიან მიდგომებს შეიმუშავებენ არაევროპული სახელმწიფოების მიმართ, ვისთანაც ხსნიან საზღვრებს. ალბათ ამ თვის ბოლომდე ჩამოყალიბდება ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნა მესამე ქვეყნების მიმართ და ველოდებით, როდიდან და რა პროცედურებით მოხდება ეს“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
ნათია თურნავას თქმით, საქართველო ე.წ. კორიდორის შექმნის საკითხს ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს.
„არ შეიძლება, ჩვენ ცალმხრივად გადავწყვიტოთ კორიდორის შექმნა, კორიდორი თავისთავად ნიშნავს ორივე მხარეს, თავისთავად ეს უნდა იყოს ორმხრივი სურვილი, ორმხრივი გადაწყვეტილება. ევროკავშირის მხრიდან, საბოლოოდ რომ ჩამოყალიბდება, ეს ალბათ თვის ბოლომდე მოხდება, მიდგომა მესამე ქვეყნების მხრიდან, ვადები, ქვეყნები, კრიტერიუმები, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ და გამოჩნდება, რა შედეგებს გამოიღებს ჩვენი ნამუშევარი, 10-მდე სახელმწიფოსთან გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილიზდება ევროკავშირში. თუმცა მსოფლიოს სხვა წერტილებში პირიქით, დიდი ესკლაციაა ვირუსის და უნდა დავაკვირდეთ. რაც მთავარია, ჩვენ არავითარ შემთხვევაში, როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქმედება, ჩვენი გადაწყვეტილებით საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.