ნათია თურნავა - ვფიქრობთ, შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით რეგულარული ავიარეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნებზეც, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
ნათია თურნავა - ვფიქრობთ, შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით რეგულარული ავიარეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნებზეც, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებასა და ვითარებაზეც, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ რეგულარული ფრენების აღდგენაზე დასმული კითხვაზე პასუხისას.

მინისტრმა განმარტა, რომ ავიამიმოსვლა ორმხრივი და მრავალმხრივი პროცესია და მისი სრულმასშტაბიან აღდგენისთვის მხოლოდ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა არ არის საკმარისი.

„ჩვენ რაოდენ წარმატებულიც არ უნდა ვიყოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში, აუცილებლად იგივე დადებითი ტენდენციები უნდა ფიქსირდებოდეს პარტნიორ ქვეყნებში, მსოფლიოში, რადგან ჩვენ ეპიდემიამდე ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ცა გვქონდა. 50-მდე ქვეყანასთან, 50-მდე მიმართულებით ვახორციელებდით პირდაპირ ფრენებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ლიბერალური ცის პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

„ძალიან ვამაყობთ ამით. 2019 წელს რამდენჯერმე გაიზარდა დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენა – „ვიზეარი“, ასევე შემოვიყვანეთ „რაიანეარი“. სხვა კომპანიებმაც გაზარდეს პირდაპირი ფრენები და  სამწუხაროა, რომ დღეს პანდემიის პირობებში, ეს დროებით შეფერხდა, მაგრამ არის დადებითი პროგნოზები, ეს პირდაპირ კავშირშია მათ შორის მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინებასთან. მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რათა დაწესდეს უსაფრთხო ფრენების პრინციპები. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამას გაითვალისწინებს და ხელს შეუწყობს ორმხრივ რეჟიმში“, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ამ პერიოდამდე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად არარეგულარული ჩარტერული ავიარეისების ორგანიზება განხორციელდა, რომლის შედეგად საქართველოს 8000-მდე მოქალაქე ორ ურთულეს თვეში დაუბრუნდა სამშობლოში ისე, რომ პრობლემა არ შექმნია საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას ეპიდემიის გაღვივების თვალსაზრისით.

„უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს ისევ არის დამოკიდებული იმ ქვეყნების ნებაზე და ვითარებაზეც, ვისთანაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, –  განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.