ნათია თურნავა - ვფიქრობ, თებერვლიდან სრულად გავხსნით ფრენებს, „ვიზეარმაც“ დააანონსა, რომ კვლავ აღადგენს საქართველოში მუდმივმოქმედ ბაზას
ვფიქრობ, თებერვლიდან სრულად გავხსნით ფრენებს, „ვიზეარმაც“ დააანონსა, რომ კვლავ აღადგენს საქართველოში მუდმივმოქმედ ბაზას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით ფრენებს. იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად მსოფლიოში და საქართველოშიც პანდემიის მეორე ტალღა მძვინვარებს, თვითონ ფრენების ინტენსივობა კომპანიების ნება-სურვილით იყო შემცირებული, მაგრამ გაზაფხულიდან გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი. ვფიქრობ, რომ უკვე თებერვლიდან ჩვენ ე.წ ნოტამს ალბათ გავაუქმებთ და სრულად გავხსნით ფრენებს. „ვიზეარმაც“ დააანონსა, რომ კვლავ აღადგენს საქართველოში მუდმივმოქმედ ბაზას. კომპანია აპირებს, მიმართულებები კვლავ გაააქტიუროს და ახალი მიმართულებებიც დაამატოს. აქედან გამომდინარე, ვაქცინაციის კვალობაზე, მთლიანად მსოფლიოში პანდემიის დაძლევის კვალობაზე, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივები ამ თვალსაზრისით“,- განაცხადა ნათია თურნავამ.