ნათია თურნავა - ტურიზმის სექტორს მიეცა შესაძლებლობა, ქონების გადასახადი გადავადებულიყო ოთხი თვით, საშემოსავლო გადასახადი კი, 2020 წლის პირველ ნოემბრამდე
ტურიზმის სექტორს მათთან შეხვედრისა და კონსულტაციის შედეგად, მართლაც უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები შევთავაზეთ და ოთხი თვით მთლიან ბიზნესსექტორს მიეცა შესაძლებლობა, გადავადებულიყო ქონების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის პირველ ნოემბრამდე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, სადაც პრემიერმა ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით უკვე ისარგებლა 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა.
მან აღნიშნული სექტორის მხარდაჭერისთვის სახელმწიფოს მიერ პანდემიის დაწყების დღიდანვე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად არც ერთი თვე არ გასულა, ტურისტული ინდუსტრიისთვის რამე სიახლე და დახმარება არ შეთავაზებინა სახელმწიფოს.
მინისტრის თქმით, პირველი ეტაპი მარტში იყო, რომელსაც სახელმწიფომ „გადაუდებელი დახმარების ეტაპი“ უწოდა, რადგან იმ მომენტისთვის ყველაზე მეტად დაზარალდა ტურისტული ინდუსტრია და ამ ეტაპზე იქნა შეთავაზებული საგადასახადო შეღავათი. ასევე გაფართოვდა სასტუმროების დახმარების პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ეგიდით. გარდა ამისა, სახელმწიფომ ტურისტულ ინდუსტრიას უშუამდგომლა კომერციულ ბანკებთან სესხის რესტრუქტურიზაციის კუთხით.