ნათია თურნავა - უმჯობესია, ვიმოგზაუროთ საქართველოში და ჩვენი ვალუტით დავეხმაროთ სწორედ ჩვენს ქვეყანას
უმჯობესია, ვიმოგზაუროთ საქართველოში და ჩვენი ვალუტით დავეხმაროთ სწორედ საქართველოს, რადგან წინა წლებში რამდენადაც შემოდიოდა უცხოელი ტურისტების მიერ დახარჯული ვალუტა, იმდენი გადიოდა ჩვენი მოქალაქეების მიერ გარეთ დახარჯული ვალუტა საზღვარგარეთ დასვენების დროს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ძალიან კარგად ხედავს და იაზრებს, რომ ტურისტული ინდუსტრია ძალიან დაზარალდა და სწორედ ამიტომ ყველა პროგრამისა და გადაწყვეტილების სათავესა და მოტივაციაში ტურიზმის დახმარება ასახულია.
„ეს იყო დარგი, რომელსაც ერთ-ერთ პირველ დავეხმარეთ და გეუბნებით ამთავითვე, რომ ვფიქრობთ, კიდევ როგორ დავეხმაროთ შემდგომში, რადგან ეს პრობლემა ერთი დღით არ შემოიფარგლება. ჩემი აზრით, არ რის საჭირო დემონსტრაციების გზით მოითხოვონ რომელიმე ჩემ კოლეგასთან ან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რადგან ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. მაგალითად, ორიოდე დღის წინ შედგა საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა ჩემი მონაწილეობითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით განთავსებისა და ტურიზმის დარგთან. ბევრი სასტუმროს წარმომადგენელი მონაწილეობდა, ასევე ტუროპერატორები მონაწილეობდნენ, სხვადასხვა ასოციაცია და ძალიან საქმიან, მშვიდ ვითარებაში განვიხლეთ ყველა საკითხი, ყველა გადაწყვეტილება, ყველა რისკი და სიკეთე, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებით მოვიდეს. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები, თუმცა ამის შესაძლებლობას იძლევა ისიც, რომ ჩვენ 15 ქვეყანას შორის მოვხვდით და შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ორი-სამი კვირის თავზე მოგვიწიოს მასშტაბური, საპირისპირო გადაწყვეტილებების მიღება და ისევ დახურვა გარკვეული დარგების, რასაც ჩვენი ეკონომიკა ვერ გადაიტანს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ტურისტული ინდუსტრია ამას საკმაოდ საღად აფასებს, ხედავს და არ სურს, ისევ ამ რისკში შესვლა გაუფრთხილებელი გადაწყვეტილების გამო.
„ძალიან ბევრი სიკეთე და ახალი გადაწყვეტილება წარვუდგინეთ ტურისტულ ინდუსტრიას. მაგალითად ის, რომ გავხსენით ბიზნესვიზიტორებითვის ჩვენი ბაზარი, მიუხედავად იმისა, საიდან მოდიან ისინი და ტესტირების გზით, ბიზნესვიზიტორები შეძლებენ, ესტუმრონ საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტო ბიზნესმიზანი, აუცილებლად არ გაუშვებენ ხელიდან ამ შანსს და ტურისტულადაც იმოგზაურებენ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.