ნათია თურნავა - უახლოეს დღეებში გამოიკვეთება იმ ქვეყნების წრე, ვისთანაც გარკვეული დათქმებითა და პროცედურებით შევძლებთ მიმოსვლას
უახლოეს დღეებში გამოიკვეთება იმ ქვეყნების წრე, ვისთანაც გარკვეული დათქმებითა და პროცედურებით შევძლებთ მიმოსვლას, ფრენების აღდგენაც პრაქტიკულად ამ პროცესზე არის დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ყოველდღე მატულობს ევროკავშირი წევრი იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც გარკვეულ პირობებს წერს სიაში, რომლებთანაც დაიწყება ორმხრივი მიმოსვლა.
„ეს პროცესი წაიღებს გარკვეულ დროს. ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა პროცედურას აწესებს, მაგალითად, ამ ეტაპზე ნიდერლანდებს აქვს თვითიზოლაციის მოთხოვნა. საბერძნეთი როგორც ვიცით, გარკვეულ შერჩევით ატარებს ტესტირებას. გარკვეული ქვეყნები ელექტრონულ ფორმას ავსებენ. ეს არის ყოველდღიური პროცესი, თითოეულ სახელმწიფოსთან ვაწარმოებთ ორმხრივ მოლაპარაკებებს, მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. საპასუხისმგებლოა როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ისე ჩვენთვის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას თავისი შიდა პრობლემატიკის გათვალისწინებით. არის, მაგალითად, ცალკეული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, იგივე ავსტრია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ ხსნის საზღვარს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის. სხვა ქვეყნები ახლა ყალიბდებიან. არ მინდა, გავასწრო მოვლენებს, მაგრამ უახლოეს დღეებში გამოიკვეთება იმ ქვეყნების წრე, ვისთანაც გარკვეული დათქმებითა და პროცედურებით შევძლებთ მიმოსვლას. ფრენების აღდგენაც პრაქტიკულად ამ პროცესზე არის დამოკიდებული. ჩვენ არ შეიძლება, დავუშვათ ფრენა ისეთ სახელმწიფოსთან, ვისთანაც ჯერ არ გვაქვს სიცხადე, უშვებს თუ არა თავის ვიზიტორებს ჩვენთან და უშვებს თუ არა ჩვენს ვიზიტორებს თავისთან. ჯერ ქვეყნების გადაწყვეტილება და მერე ამას მოჰყვება ფრენები, მაგრამ ფრენები ჩვენ რეალურად არ გაგვიჩერებია, მხოლოდ რეგულარული მიმოსვლაა გადადებული და კომერციული ჩარტერული მიმოსვლა, ახლა უკვე სუბსიდირებადი ჩარტერებიც იქნება და გამოქვეყნდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება ჩარტერულ რეისებს, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ორი ტიპის ჩარტერი იქნება, ერთი არის ჩვეულებრივი კომერციული ფრენები და მეორე არის ემოგრანტების ჩამოყვანა.
„ორშაბათს გამოვაქვეყნებთ განრიგს. ეს არის სახელმწიფო მხარდაჭერით, იმ პროგრამის გაგრძელება, რასაც სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ხელმისაწვდომ ფასებში, ჩვენი თანამემამულეების, ემიგრანტების საქართველოში გეგმაზომიერი დაბრუნება ჰქვია. ყველა ავიაკომპანიას ვთავაზობთ ორგვარ მიდგომას, ერთი – შეუძლიათ კომერციული ჩარტერული რეისები განახორციელონ ახლაც, რადგან ჩარტერები აკრძალული არ არის. ჩვენ ამ რეჟიმს ვთავაზობთ ბევრ სხვადასხვა კომპანიას, ზოგი ამას თანხმდება და ზოგი კი, ამბობს, რომ კორპორატიული მიდგომებიდან გამომდინარე, დაელოდება რეგულარულ ფრენებს. აქედან გამომდინარე, ზოგი განახორციელებს ჩარტერებს და ეს არ იქნება მხოლოდ „აირზენა“, ზოგი კი, დაელოდება ფრენებს პირველ აგვისტოსთვის“, – განაცხადა თურნავამ.
ამასთან, საქართველოს მთავრობა ელოდება თითოეული ქვეყნის გადაწყვეტილებას, რათა დადგინდეს კონკრეტული წესები.
„ჩვენთვის მთავარი და უპირატესი არის ეპიდემიოლოგიური ვითარების დაცვა, როგორიც დღეს არის, კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.