ნათია თურნავა - ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია უსაფრთხოა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია, რომელიც უკვე სახეზეა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, პრაქტიკულად ყოველკვირეულად შემოდის განაცხადები ახალი ფრენების დაწყებაზე ან უკვე არსებული რეისების განახლებაზე.
„ძალიან კარგად დაიტვირთა ახალგარემონტებული და გაფართოებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც რამდენიმე ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ძველი, სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანიები იწყებენ პერიოდულ ფრენებს. ასევე, ქუთაისის განახლებული აეროპორტი მალე სრული მასშტაბით ამოქმედდება და იქაც გვაქვს განაცხადები სხვადასხვა ავიაკომპანიის, ყოველკვირეულმა ფრენებმა მოიმატა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, იზრდება ტურისტების ორგანიზებული ჯგუფების შემოსვლაც, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვაქცინაციის ნუსხაში ტურიზმის სექტორის პრიორიტეტად შეყვანამ.
„დღეის მონაცემებით, უკვე 2 000-მდე მოთხოვნაა რეგისტრირებული ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში, რომელიც გადავეცით ჯანდაცვის სამინისტროს. უკვე ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია უსაფრთხოა. ამასთან, ეს არის დღევანდელობის მოთხოვნა. როდესაც ტურისტი შემოდის, უკვე კითხულობს, რამდენად არის დაცული ყველა რეგულაცია მის მასპინძელ ობიექტში. ის ფაქტი, რომ მას სასტუმროს ვაქცინირებული პერსონალი, ვაქცინირებული გიდი დახვდება, ერთი ათად ზრდის ჩვენი ტურისტული ბაზრის მიმზიდველობას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.