ნათია თურნავა - ტურიზმის სექტორი გამოწვევას უყურებს, როგორც დროებითს, რომელიც უახლოეს თვეებში გადაილახება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორთან დღეს გამართულ შეხვედრაზე სფეროს წარმომადგენელთა მიერ წამოჭრილ მოთხოვნებზე მთავრობის ეკონომიკურ გუნდში იმსჯელებენ.
მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორი ჯანსაღად აღიქვამს შექმნილ სიტუაციას და გამოწვევას უყურებს, როგორც დროებითს.
„ტურისტული სექტორი ამ გამოწვევას უყურებს, როგორც დროებითს, რომელიც გადალახული იქნება უახლოეს ორ ან მაქსიმუმ სამ თვეში. ეს არის გლობალური ტურიზმის განწყობაც და ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის განწყობაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისინი სრულად გვერდით ხელისუფლებას იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყნის დაცვას ვირუსისგან, პრევენციულ ღონისძიებებს, თუნდაც ეს ღონისძიებები გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდეს. მეტიც, ტურისტული ინდუსტრია მოგვიწოდებს და ჩვენ ამაში ერთიანები ვართ, რომ ამ ნაწილში ვიყოთ მაგალითი მსოფლიოსთვის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ და მოვისმინეთ პრობლემები, რაც შეეხება დროებით ფინანსურ გამოწვევებს, რომლებიც წარმოიქმნა იმის გამო, რომ ჯავშნების ნაწილი გადაიდო და ზოგი გაუქმდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, ყველა დასახელებულ საკითხსა და ასევე, ტურიზმის მარკეტინგულ სტრატეგიაზე დეტალური მსჯელობა გაიმართება.
„დღესვე გადაწყდა, რომ მზად ვართ, განვიხილოთ ჩვენი ტურისტული მარკეტინგული სტრატეგიის გადაწყობა იმდაგვარად, რომ დღევანდელ გამოწვევას უკეთ უპასუხოს და ამით ამოვუდგებით გვერდზე ბიზნესს. ასევე, დავპირდი და ეს შესაძლოა, რომ ის ღონისძიებები, კონფერენციები და ტრენინგები გავმართოთ ახლა, რომლებიც შემოდგომაზე უნდა გამართულიყო და ამით დავტვირთოთ სასტუმროები. ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინდუსტრია კარგად გრძნობდეს თავს, რადგან ის ძალიან დიდი დამსაქმებელია ზოგადად და ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს ქმნის. ძალიან სერიოზულად ვისმჯელებთ, რით დავეხმაროთ ამ ინდუსტრიას“, – განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება საგადასახადო საშეღავათო საკითხებს, მინისტრის თქმით, ამაზე სექტორის მოთხოვნები მოისმინა და ეკონომიკურ გუნდში შესაბამისი მსჯელობა გაიმართება.
ტურიზმის სექტორმა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრს წერილობით მიმართა, სადაც სფეროს წარმომადგენლები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ მათ კომუნალურ და საბანკო სექტორთან უშუამდგომლოს, ასევე, მთავრობამ ყველა სახელმწიფო გადასახადი გარკვეული დროით გადაუვადოს.