ნათია თურნავა - ტურიზმის მიმართულებით რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა გვაქვს
ჩვენ რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა გაგვაჩნია ტურიზმის მიმართულებით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„პირველი, ეს არის წარმატება, რითაც ჩვენ ეპიდემიას ვუმკლავდებით და რა გამოცდილებაც ჩვენმა ტურისტულმა ინდუსტრიამ დააგროვა. მეორე უპირატესობა ეს არის იმ ტურისტული პროდუქტების არსებობა, რომელიც დღეს ყველაზე მეტად მოთხოვნადი იყო და ჩვენ ვირუსამდეც გვქონდა განვითარებული. ეს არის ღვინის ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, აგროტურიზმი; ეს არის ჩვენი კურორტები, რეკრეაციული ზონები და დაცული ტერიტორიები. ეს ყველაფერი დღეს ძალიან მოთხოვნადი იქნება. იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში, არის ისეთი ტურისტული აქტივობები, რომელიც ღია სივრცეში ტარდება და აქ ინფიცირების რისკი უფრო დაბალია. აქ ადამიანებისთვის უფრო მეტი ფსიქოლოგიური კომფორტია შექმნილი. თუნდაც, იმ თვალსაზრისით, რომ ერთ ადგილზე ბევრი ადამიანის კონცენტრაცია არ მოხდება“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ასეთი ტურისტული პროდუქტების და შეთავაზებების რიცხვს დაემატება ახალი კონცეფცია, რომელიც ე.წ. უსაფრთხო ტურისტული ზონების მოწყობას შეეხება.
„საქართველოში მრავლადაა საინტერესო ადგილები, სადაც არის ძალიან მიმზიდველი ბუნება, მწვანე ადგილები და დიდი გაშლილი სივრცეები, სადაც შეიძლება, ადამიანები უფრო პრივატულ ვითარებაში ისვენებდნენ. დასახელდა რამდენიმე ლოკაცია, სადაც ეს თავისუფლად შეიძლება, მოეწყოს. იმიტომ, რომ ეს არის ცენტრიდან დაშორებული ლოკაციები. არის გაშლილი ადგილი და შესაძლებლობა, რომ სტუმრები გაშლილ ტერიტორიაზე, ადამიანების ნაკლები კონცენტრაციით, პრივატულობის უფრო დაცვით ისვენებდნენ.
ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში სწორედ ასეთი ტურისტული პროდუქტები იქნება მოთხოვნადი და მოდით, ჩავთვალოთ, რომ ეს არის ჩვენი ინოვაციური, ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელსაც ჩვენი ბუნების, ჩვენი კურორტების გამოყენებით სულ მალე ავამუშავებთ და შევთავაზებთ მსოფლიოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.