ნათია თურნავა - თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს, როდის, რომელ ქვეყანასთან, რა დოზით და რა სიხშირით აღადგინოს ფრენები
თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს, როდის, რომელ ქვეყანასთან, რა დოზით და რა სიხშირით აღადგინოს ფრენები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, მაგალითად, „ვიზეარი” მზად არის, აპრილიდან დაიწყოს ფრენები.
„იცით, რომ დღეს რეგულარული ფრენები არის დაშვებული. თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს, როდის, რომელ ქვეყანასთან, რა დოზით და რა სიხშირით აღადგინოს ფრენები. მაგალითად, „ვიზეარი” მზად არის, აპრილიდან დაიწყოს ფრენები. სწორედ მაგ დროს ჩვენ გვექნება უკვე ბოლო სტადიაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რემონტიც, ესეც მნიშვნელოვანია.
„რაინეართანაც” ასევე გვაქვს საკმაოდ კარგი სამუშაო ურთიერთობები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათთვის საინტერესო იქნება კვლავაც საქართველოში ფრენა, უბრალოდ, რა თქმა უნდა, გლობალური საავიაციო ინდუსტრია სერიოზულად დაზარალდა. ასევე, „რაინეარსაც” აქვს საკუთარი სირთულეები, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დაბალბიუჯეტიან კომპანიას. აქედან გამომდინარე, თავად გადაწყვეტენ, როდის აღადგენენ ფრენებს საკუთარი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „რაინეარი” აღადგენს ფრენებს“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, „ვიზეარის“ შემდეგ მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან.
„ვიზეარი” მთავარი დაბალბიუჯეტიანი კომპანია, რომელიც ფართოდ იყო წარმოდგენილი საქართველოში პანდემიამდე, კვლავაც აგრძელებს ჩვენთან ფრენებს. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს მოლაპარაკება კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან, მაგრამ ჯერ არ მინდა, დავასახელო, ვიდრე არ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას. მას უნდა, რეგიონში დაიწყოს ფრენები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც პანდემიამდე იმედიანად უყურებდა „რაინეარი” ჩვენს ბაზარს, ასევე იმედიანად გააგრძელებს“, – განაცხადა თურნავამ.