ნათია თურნავა - თბილისისა და ბათუმის უსაფრთხო ქალაქებად აღიარება არის იმ ახალი კონცეფციის დადასტურება, რითაც ხელახლა ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს
European Best Destinations-ის მიერ თბილისისა და ბათუმის უსაფრთხო ქალაქებად აღიარება არის სწორედ იმ ახალი კონცეფციის დადასტურება, რითიც ჩვენ ხელახლა ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს, როგორც ყველაზე უსაფრთხო დანიშნულების ადგილს, ტურისტულად, ეპიდემიოლოგიურად ყველაზე მეტად უსაფრთხო ქვეყანას – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა.
რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს, ბათუმი კი მეშვიდე ადგილით ევროპის უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების ტოპათეულშია.
„პირველი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებს შევთავაზებთ მთლიანად საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ორი დიდი ქალაქი – თბილისი და ბათუმი აღიარებულია, როგორც ყველაზე მეტად უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილი“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations. com, რომელიც ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
აღსანიშნავია, რომ სტატიაში პოპულარული პორტალი ხაზს უსვამს „კოვიდ 19“-თან მიმართებაში საქართველოს მიღწევებს, ხოლო თბილისსა და ბათუმს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ 10-ში ასახელებს.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.