ნათია თურნავა „ტავ ურბან ჯორჯიას“ ახალ გენერალურ დირექტორს შეხვდა
ნათია თურნავა „ტავ ურბან ჯორჯიას“ ახალ გენერალურ დირექტორს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ურბან ჯორჯიას“ ახალ გენერალურ დირექტორს ალფ ერ ტუნგა ერსოის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნათია თურნავამ კომპანიის გენერალურ დირექტორს პირადად მიულოცა ახალ პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, კორონავირუსის პანდემიის შედეგად ავიაციის სფეროში შექმნილი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართულ მხარესა და „ტავ ურბან ჯორჯიას“ შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. საუბარი ასევე შეეხო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს, რომელშიც „ტავ ჯორჯია“ 17 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წელს დასრულდება. გაფართოების შემდგომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და „ტავ ურბან ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ზაქარაძე.