ნათია თურნავა - შიდა ტურიზმი შეიძლება უფრო მალე განვითარდეს, როგორც კი მოვერევით ამ გამოწვევას, მაგრამ ძირითადი კონტრიბუტორი იყო საერთაშორისო ტურიზმი
შიდა ტურიზმი შეიძლება უფრო მალე განვითარდეს, როგორც კი ჩვენ შევძლებთ, რომ ვთქვათ უსაფრთხოდ ვართ და მოვერიეთ ამ გამოწვევას საქართველოში, მაგრამ ძირითადი კონტრიბუტორი ტურიზმის განვითარებაში იყო საერთაშორისო ტურიზმი, უცხოელი მოგზაურები და აქედან გამომდინარე, ეს არის მრავალმხრივი პროცესი, რომელიც მარტო ჩვენზე და ჩვენს ქმედებებზე არ არის დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, გლობალური კრიზისი ზეგავლენა დაიწყო ტურიზმიდან და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიებით, მაგრამ დღეს-დღეობით მნიშვნელოვანია, თუ რა ზარალს განიცდის ეკონომიკა.
„სხვადასხვა მოლოდინები, სხვადასხვა პროგნოზები ქვეყნდება, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით ზრდა არ იქნება, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ამჯერად პროგნოზი, რომ – 4 (მინუს) პროცენტი იქნება მშპ-ის ზრდა. მე უბრალოდ დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყოველთვის კონსერვატიული მსაჯულია და ჩვენ ყოველთვის ვაოცებდით იმით, რომ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები გვქონდა, თუმცა ამ ვითარებაში, ძალიან რთული იქნება ასეთი პროგნოზის გაკეთება, რადგან დამოკიდებული ვართ ჯერ ეს ერთი გლობალურ ვითარებაზე, გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ვითარებაზე და ასევე მთლიანობაში იმაზე, თუ როდის მოერევა მსოფლიო ამ გამოწვევას. მთლიანობაში ზარალობს ეკონომიკა, ზარალობს ბიზნეს სექტორი და სწორედ ამიტომაც, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ერთი – გავანეიტრალოთ და შევარბილოთ ეს ნეგატიური ზემოქმედება მოსახლეობაზე და ბიზნესზე. რაც შეიძლება შევამოკლოთ და გავხადოთ უფრო მოკლე და ეფექტური ვირუსთან ბრძოლის პერიოდი, რადგან ყველაზე მძიმე, აი ბიზნესების იძულებითი გაჩერების პერიოდი მაქსიმალურად მოკლე იყოს და ასევე, ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრის დავალებით, პოსტ-კრიზისული ბიზნესის აღორძინების, ეკონომიკის აღორძინებისა და სტიმულირების გეგმაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს პირველივე მომენტიდან, როგორც კი ძირითადი საფრთხე გადაივლის, ჩვენ შევძლოთ და ავაღორძინოთ, ამოვქოქოთ ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.