ნათია თურნავა - საქართველო კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად, ძალიან ბევრი ტურისტია სხვადასხვა ქალაქში
ჩვენ შეგრძნებების და სტატისტიკის დონეზე ვხედავთ, რომ საქართველო, მიუხედავად კოვიდისა, კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. ძალიან ბევრია ტურისტები სხვადასხვა ქალაქში. ჩვენ ვხედავთ, რომ სასტუმროების დატვირთულობა არის საშუალოდ 70-80%, ეს არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმი ცოცხლდება, ვითარდება და მისი აღდგენა ხდება.
„რაც შეეხება სამოგზაურო შეზღუდვებს, თქვენც თუ გადაამოწმებთ დეპარტამენტის საიტზე, ეს უკავშირდება კოვიდშეზღუდვებს, პირველ რიგში კოვიდშეზღუდვებს, რაც ეხება მთლიანად მსოფლიოში არსებულ დინამიკურ ვითარებას პანდემიასთან დაკავშირებით, ხან იზრდება კოვიდსაფრთხე, ხან მცირდება. აქედან გამომდინარე, ეს არის. გარდა ამისა, მათი გაფრთხილება მოგზაურობისთვის, ტრადიციულად უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებსაც, ესეც ასეა. რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შემთხვევას, პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევე ასე რჩება, ასეც განგვიხილავენ ტურისტები. ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები, სამწუხაროდ, არ გამოირიცხება არათუ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა დედაქალაქში ხდება დროდადრო, მთავარი არის, რომ დროულად ხდება ამაზე რეაგირება და რა თქმა უნდა, დაგმობილია ჩვენგან, იმიტომ რომ არაფერმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს და ასეც იქნება“, – განაცხადა თურნავამ.