ნათია თურნავა - სახელმწიფომ შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება მოახდინა
სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება მოახდინა, რამაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საშუალება მისცა, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩეს და მცირედით შემცირდეს კიდეც, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა სახელმწიფოს მიერ, საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. იყო გარკვეული მოლოდინი, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო და ამას საფუძვლად ედო თუნდაც ის ინტენსიური საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც კომპანიები ახორციელებენ საქართველოს გაზიფიცირების მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფომ გამოძებნა გზა, რათა ეს ინვესტიცია არ აისახოს ტარიფში, არ დააწვეს მოსახლეობას და ეს მთლიანად ხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, აღნიშნული რესურსი ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან მიდის.
„ეს გადაწყვეტილება მთლიანად მოხერხდა იმის გამო, რომ მთავრობა ახდენს ტარიფის მოსალოდნელი ზრდის სრულად სუბსიდირებას. აქ მხოლოდ მთავრობა მონაწილეობს და ეს რესურსი მიდის არა ბიუჯეტიდან, არამედ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციიდან. აქედან გამომდინარე, რომელიმე კერძო კომპანია ამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობს. მათი ფინანსური მხარე არ იცვლება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა. ამასთან, 0.012 თეთრით დაიკლებს ბუნებრივი გაზის ტარიფი „საქორგგაზის“ აბონენტებისთვის და 0.011 თეთრით – „სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის.