ნათია თურნავა - საერთაშორისო სიმბოლიკის ხელყოფა მიუღებელია, ადეკვატური სამართლებრივი პასუხი იქნება
ნათია თურნავა - საერთაშორისო სიმბოლიკის ხელყოფა მიუღებელია, ადეკვატური სამართლებრივი პასუხი იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სიმბოლიკის ხელყოფა მიუღებელია და ევროკავშირის დროშის დახევის ფაქტზე ადეკვატური სამართლებრივი პასუხი იქნება.

„ყოვლად მიუღებელია, ჯერ ერთი, ზოგადად, საერთაშორისო სიმბოლიკის ხელყოფა და მეორეც, ასეთი დამოკიდებულება ევროკავშირის დროშის მიმართ. რა თქმა უნდა, იქნება ადეკვატური სამართლებრივი პასუხი. იცით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი კანონმდებლობა მეტად გავამკაცროთ და ინიცირებულია კანონში ცვლილებები და იქნება ამის განხილვა. ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ფლაგმანი პრაქტიკულად ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკის თვალსაზრისით. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, 2017 წელს ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვიზალიბერალიზაცია მოხდა.  ჩვენ ვართ მართლაც 50%-ით მეტად დაახლოებული სხვადასხვა ტიპის კანონმდებლობით ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ძალიან მაღალ შეფასებას იღებს ჩვენი ასოცირების ვალდებულების შესრულება ყველა საერთაშორისო ფორმატსა და პლატფორმაზე. რასაკვირველია, ვგმობთ, მიუღებელია და ადეკვატური სამართლებრივი პასუხი იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ევროკავშირის დროშა პარლამენტთან 6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს.

ამის შემდეგ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.