ნათია თურნავა - როგორიც არ უნდა იყოს მოწოდებები დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ პროცესებს თვითდინებაზე არ მივუშვებთ
ნათია თურნავა - როგორიც არ უნდა იყოს მოწოდებები დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ პროცესებს თვითდინებაზე არ მივუშვებთ

ოპოზიციას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, – ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც ფრენების აღდგენის საკითხს შეეხებოდა.

„ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, მათი მოწოდებები იყო აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და საფრთხის ქვეშ აყენებდა ადამიანების ჯანმრთელობას – სხვადასხვა მასობრივ შეკრებას ახდენდნენ ისე, რომ არღვევდნენ ყველანაირ პროტოკოლსა და სოციალური დისტანციის წესებს, მოგვიწოდებდნენ, მასობრივად გაგვეხსნა ფრენები და რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი ერთდროულად ჩამოგვეყვანა“, – განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

მინისტრის თქმით, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები და ფრენების აღდგენის საკითხზეც მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

„ძალიან ფრთხილად, ნელ-ნელა ვხსნით ჩვენს ავიაბაზარს და ვემსახურებით მას ჩარტერული ფრენების მეშვეობით, რაც უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ამ თვეების განმავლობაში, მიუხედავად საფრთხისა, ჩვენი გუნდი ახდენდა გეგმაზომიერად ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანას, მათ შორის ე.წ სპეციალური რეისების მეშვეობითაც, სახელმწიფოს ხარჯზე. ვთავაზობთ კარანტინებს, სადაც ისევ და ისევ სახელმწიფო იღებს ამ ხარჯს და ს სწორია, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიზრუნოთ მოსახლეობაზე. ეს პროცესი გაგრძელდება ამდაგვარად. როგორიც არ უნდა იყოს მოწოდებები დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ თვითდინებაზე ამ პროცესს არ მივუშვებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, პასუხისმგებლობა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და მათი დესტრუქციული მოწოდებების დარად, ჩვენ არანაირად არ შევასუსტებთ ამ მიმართულებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.