ნათია თურნავა - პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ამოცანა იქნება, დასაქმებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი
ნათია თურნავა - პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ამოცანა იქნება, დასაქმებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი

პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ამოცანა იქნება, დასაქმებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ჩვენ დამატებით, სპეციალური პროგრამებიც შევიმუშავეთ იმისთვის, რომ თუ ინვესტორი მოცულობითი რაოდენობის დასაქმებაზე იღებს პასუხისმგებლობას, მას დამატებითი შეღავათებიც ექნება. მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წასახალისებლად შემუშავდა გრანტების სისტემა და იგივე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჩაერთვება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მსხვილი ინვესტორი შემოდის და გარკვეული რაოდენობის ადამიანს ასაქმებს, მას ჩვენგან ფინანსური დახმარება ექნება და ამასთან ერთად ხარჯების გაზიარება, რა ხარჯებიც ჩვენი მუშახელის გადამზადებას და უფრო კვალიფიციური დასაქმების ხელშეწყობას მოხმარდება “, – განაცხადა თურნავამ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოლოდინი აქვს საქართველოს ახალი ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, რადგან ამ მიმართულებით მსოფლიოში კლების ტენდენცია შეინიშნება და რა მიმართულებით ეძებს ქვეყანა ინვესტორებს, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ახალი ინვესტიციების მოზიდვა მეტი გამოწვევა იქნება, რადგან როცა ინვესტორები თავიანთი ბიზნესის გადმოსატანად, ან ახალი ბიზნესის შესაქმნელად ახალ პლატფორმებს მონახავენ, უფრო მეტ ფაქტორს გაითვალისწინებენ, მაგრამ საქართველოს ამისთვის საკმაოდ კარგი წინაპირობები აქვს.

„ახლა შეიძლება, მოხდეს გლობალური მიწოდების ჯაჭვების გადალაგება და ახალი პლატფორმების ძებნა, როგორც ახალი ბაზრების ძებნა, სადაც ინვესტორი ნაკლები დანახარჯით მეტ დაცულობას იგრძნობს, საქართველო კი ამ თვალსაზრისით მიმზიდველია. ჩვენ წინასწარ ცნობილ თამაშის წესებს ვამკვიდრებთ ინვესტორებისთვის და მათ შორის, დასავლელი ინვესტორებისთვის, რაც მათთვის ძალიან მიმზიდველია, ვართ მეტად პროგნოზირებადი ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ რეგიონი საკმაოდ დინამიკურია, ვართ მაკროეკონომიკურად სტაბილური და პლუს, ინვესტორებს სერვისებს ძალიან გამჭვირვალედ და კომფორტულად, ელექტრონულ პლატფორმებზე დაყრდნობით ვაწვდით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.