7 ივლისს შესრულდება „აირზენას“ მიერ დაგეგმილი პარიზი-თბილისის რეისი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეისი ორგანიზებული იქნება უმაღლეს დონეზე და გატარდება ყველანაირი ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, რათა რეისი უსაფრთხოდ შესრულდეს.
„თქვენ იცით, რომ ჩარტერული რეისები სრულდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ეს რეისი არ იყო შეთანხმებული და გარკვეული პრობლემები შეიქმნა ამის გამო, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 7 ივლისს შესრულდება „აირზენას“ მიერ დაგეგმილი პარიზი-თბილისი რეისი.
ვიცი, რომ ეს საკითხი ბევრ ადამიანს აწუხებდა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენგან იქნება ორგანიზებული უმაღლეს დონეზე ყველანაირი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები იმისთვის, რომ უსაფრთხოდ შესრულდეს ეს რეისი“,- განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ორშაბათს შეიმუშავებენ და გამოაქვეყნებენ ფრენების ახალ გრაფიკს.
„ასევე ორშაბათს პრემიერ-მინისტრის დავალებით შევიმუშავებთ და უკვე გამოვაქვეყნებთ ახალ გრაფიკს, ფრენების განრიგს. ეს იქნება ე.წ. სოციალური ფრენები, ანუ სახელმწიფოს მიერ გეგმაზომიერად ჩვენი თანამემამულეების სხვადასხვა ქვეყნიდან გამოყვანის ფრენები. ძალიან ხელმისაწვდომი ფასებით, რადგან ეს იქნება სახელმწიფოს მიერ სუფსიდირებული ფრენები და ამ ფრენებს შეასრულებს რამდენიმე ავიაკომპანია.
ეს მოხდება, როგორც აქამდე ხდებოდა, ორგანიზებულად, გეგმაზომიერად, ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით. გარდა ამისა, ჩვენ დავამატებთ კიდევ ჩარტერულ ფრენას და შემდეგ თანდათან რეგულარული ფრენებისკენაც გადავალთ, მაგრამ ეს უკვე იქნება დამოკიდებული იმ მოლაპარაკების დასრულებაზე, რაც ახლა მიმდინარეობს თითოეულ ევროკავშირის სახელმწიფოსთან, რადგან 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში ჩვენ ვართ, მაგრამ ეს სია არის მათთვის სარეკომენდაციო. ახლა თითოეული ქვეყანა თვითონ აყალიბებს ამ სიასთან მიმართებაში, რა რეგულაციები ექნებათ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.