ნათია თურნავა - მსოფლიოს საქართველოს, როგორც უნიკალური და უსაფრთხო მიმართულების შესახებ 200 ჟურნალისტი და ბლოგერი მოუთხრობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო გზამკვლევის Lonely Planet ჟურნალისტს, ბენჯამინ კემპერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის გასაშუქებლად იმყოფება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პოპულარული გზამკვლევი ევროპის ღვინის მიმართულებების შესახებ ამზადებს გზამკვლევს და მათ შორის, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია.
უწყების ცნობით, ბენჯამინ კემპერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება. ის ერთერთია იმ 200 ბლოგერსა და ჟურნალისტებს შორის, რომელთა მიერ მომზადებულ სტატიებს, ბლოგებსა და სიუჟეტებს საქართველოს შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი გაეცნობა.
„ჩემი საბოლოო მიზანი ამერიკელი და ინგლისურენოვანი მკითხველის საქართველოში, ღვინის ქვეყანაში ჩამოყვანაა. ეს შესანიშნავი ქვეყანაა არაჩვეულებრივი ადამიანებით, უგემრიელესი საკვებითა და ღვინოებით, რომლებიც ერთ-ერთი განსაკუთრებული ღვინოებია, რაც კი ოდესმე გამისინჯავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,“ – განაცხადა ბენჯამინ კემპერმა.
შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში 200 ჟურნალისტისა და ბლოგერის სტუმრობა და აღნიშნა, რომ ისინი ობიექტურად აღწერენ საქართველოსა და მისი ტურისტული პოტენციალის შესახებ, არსებულ ვითარებას და პირველ რიგში იმას, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული ბაზარი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისის ბოლომდე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან – გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი, აგრეთვე კორეის რესპუბლიკიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 200-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და გადამღები ჯგუფი ეწვევა. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ, გადაიღებენ კურორტებს, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს საქართველოს შესახებ, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანა, უნიკალური კულტურით და მრავალფეროვანი ბუნებით.