ნათია თურნავა - კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა არის სტაბილურად კარგი, რაც ნიშნავს, რომ აღქმა კორუფციისა და კორუფციის საფრთხისა არის ძალიან დაბალი
კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 2020 წელს კვლავაც შეინარჩუნა საკმაოდ კარგი ქულა, ეს არის 56 ქულა, ანუ არანაირად ჩვენი პოზიციები არ გაუარესებულა და პირიქით, კვლავაც საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ლიდერის პოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, საქართველოს აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში საუკეთესოა.
„საუკეთესოები ვართ ჩვენ ჩვენს რეგიონში, საუკეთესოები ვართ აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის რეგიონში, ასევე და 180 ქვეყანას შორის მსოფლიოში 45-ე ადგილზე ვართ. ჩვენი ქულა არის სტაბილურად კარგი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა, აღქმა კორუფციისა და კორუფციის საფრთხისა არის ძალიან დაბალი და ეს კვლავაც დადასტურდა ამ ინდექსით“, – განაცხადა თურნავამ.
2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში.