2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველ ადგილზეა
2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველ ადგილზეა

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის ცხრა ქვეყანას.

„საქართველოს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. მათ შორისაა: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა, პროკურატურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და სხვა.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობის  სათავო ოფისი აქვეყნებს.  კორუფციის აღქმის ინდექსი მსოფლიოს ექსპერტთა და ბიზნესის სფეროში ჩართულ პირთა მოსაზრებებზე დაყრდნობით აფასებს, როგორია საჯარო სამსახურში კორუფციის დონის აღქმა“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.