ნათია თურნავა - კომპანია „ლუფთჰანზა“ მზად არის, 2 აგვისტოდან კვირაში ორჯერ შეასრულოს ფრენა თბილისი-მიუნხენი, მიუნხენი-თბილისის მიმართულებით
კომპანია „ლუფთჰანზა“ მზად არის, 2 აგვისტოდან კვირაში ორჯერ შეასრულოს ფრენა თბილისი-მიუნხენი, მიუნხენი-თბილისის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ხუთი ქვეყნისთვის – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია და ლიეტუვა უპირობოდ იხსნება საზღვრები, ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ უპირობოდ ჩასვლა.
„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწესებთ არანაირ კონტროლს. იქნება თერმოსკრინინგი, იქნება „პისიარ“-ტესტირება ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების სურვილის მიხედვით. მთლიანობაში, ეს არის უპირობო გახსნა, ასევე ჩვენს მოსახლეობას შეუძლია, ამ ქვეყნებში იმოგზაურონ უპირობოდ. ამას სჭირდება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. რაკიღა ეს ქვეყნები და ეს ჯგუფი გამოიკვეთა, დღეს უკვე ზუსტად ვიცით, რომელ ქვეყანასთან შეგვიძლია დავუშვათ პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა. გერმანიასთან საქართველოს ცოტა ადრე ჰქონდა დაწყებული მოლაპარაკებები, რადგან გერმანიამ ჯერ კიდევ 30 ივნისამდე განაცხადა, რომ გარკვეული კატეგორიის ქართველი ვიზიტორებისთვის ღია იყო მათი საზღვარი. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ „ლუფთჰანზასთან“ მოლაპარაკება და გვაქვს დადასტურება „ლუფთჰანზასგან“, რომ 2 აგვისტოდან, შეიძლება მანამდეც მოხდეს, მაგრამ დიდი ალბათობით მაინც დრო დასჭირდება პროცედურებს, ეს ავიაკომპანია მზად არის, შეასრულოს კვირაში ორი ფრენა თბილისი-მიუნხენი, მიუნხენი-თბილისის მიმართულებით, ეს იქნება რეგულარული ფრენები. თავად კომპანია გადაწყვეტს, როდიდან დაიწყებს ბილეთების გაყიდვას, მთავარია ჩვენგან აქვს კომფორტი, შეთანხმება არის და მიუნხენის აეროპორტსაც შესაბამის სტატუსს მივანიჭებთ, რომ რეგულარული ფრენები შედგეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს, ნათია თურნავას განცხადებით, კომპანია „ეარბალტიკასთან“ მიდის მოლაპარაკება, რომ შესრულდეს რეგულარული ფრენები თბილისი-რიგა, რომელიც დიდი ალბათობით აგვისტოდან დაიწყება.
„მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელიც მალე დასრულდება და შედეგები აუცილებლად გამოქვეყნდება. კიდევ ერთი ქვეყანა – საფრანგეთი, რომელმაც ასევე უპირობოდ გაგვიხსნა საზღვრები, ჩვენც ანალოგიურ გადაწყვეტილებას ვიღებთ. აქ ჩვენ გვყავს „ეარფრანსი“, რომლის შემოყვანაზეც ჩვენ ჯერ კიდევ „კოვიდ-19“-მდე აქტიურად ვმუშაობდით. რომ არა პანდემია, მზად იყო გაზაფხულზე დაეწყო პირველი რეისების შესრულება, რადგან საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია. მათთანაც გვაქვს მოლაპარაკება, რომ აგვისტოში გარკვეული სიხშირით დაიწყება ფრენები. ამ ეტაპზე დადასტურებულია „ლუფთჰანზა“ და მიუნხენის მიმართულება, მალე დასრულდება მოლაპარაკება „ეარბალტიკთან“ და „ეარფრანსთან“. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, იქ გარკვეული პირობებით არის ჩვენთვისაც ჩასვლა. შესაბამისად, ჩვენც პირობები დავაწესეთ, ეს არის 14-დღიანი კარანტინი, ვიზიტორების მიერ დაფინანსებული. ამ რეგულარული ფრენების პარალელურად, დღესაც სრულდება კომერციული ჩარტერები, რომელსაც ასრულებს როგორც „აირზენა“, ასევე „მაივეი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ასევე არის ე.წ. სუბსიდირებადი ფრენები, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ხორციელდება, რათა საქართველოს მოქალაქეები გეგმაზომიერად დაბრუნდნენ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან.
„წინასწარი განრიგი უკვე გამოქვეყნებულია, ბილეთებიც იქნება სუბსიდირებული. შესაბამისად, 200 ევროზე ძვირი არ იქნება. ეს არის ამ მომენტისთვის, რაც გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ასე მასობრივად არ ვხსნით მიმოსვლას „ვიზეარის“ მეშვეობით. ეს ავიაკომპანია გვეხმარება და ჩართულია ამ ე.წ. სოციალური ფრენების განხორციელებაში. ასევე გვეხმარება კომპანია „მაივეი“. ეს ორი კომპანია შეასრულებს ფრენებს და ჩვენი პარტნიორები არიან ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.