ნათია თურნავა - ინდოეთიდან ტურისტების შემოსვლის პრობლემა მოგვარდება, ელექტრონული ვიზის ფორმა უფრო დეტალური გახდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ეთანხმება ინფორმაციას, რომ საქართველოს საზღვარზე ინდოეთიდან ტურისტების შემოშვებასთან დაკავშირებით პრობლემა არსებობს და ეს პრობლემა ელექტრონული ვიზის აპლიკაციას უკავშირდება.
ნათია თურნავას ინფორმაციით, აპლიკაციის ფორმა უფრო დეტალური გახდება, რაც ტურისტების შემოსვლას გაამარტივებს.
„ზოგადად, ვიზების თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი ლიბერალური ქვეყანაა და ამან შეუწყო ხელი ტურიზმის ზრდას. მათ შორის შეგახსნებთ, რომ წინა ხელისუფლებამ ცალმხრივად 2012 წლის გაზაფხულზე სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებსაც მოუხსნა, რამაც დამატებით კარი გაუხსნა ვიზიტორებს. არსებობს გარკვეული ტექნიკური ბარიერები ინდოეთის მიმართულებით. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. გვაქვს შექმნილი სამუშაო ჯგუფი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. არის სუფთა ტექნიკური პრობლემა ელექტრონული აპლიკაციის შევსებასთან დაკავშირებით. გვაქვს გეგმა, რომელსაც ვახორციელებთ და ეს პრობლემა მოგვარდება. პრობლემა არის იმაში, რომ ელექტრონული ვიზის ფორმა, აპლიკაციის ფორმა არ არის დეტალური და სრულყოფილი. ის არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას, რის საფუძველზე შემდეგ საზღვარზე უპრობლემოდ და სწრაფად მოხდება ინდოეთიდან მომავალი ტურისტების შემოშვება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ტურისტული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს საზღვარზე იმ მოქალაქეთა ნაწილსაც არ უშვებენ, ვისაც საქართველოს ელექტრონული ვიზები აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ირანის 3 224 და ინდოეთის 2 254 მოქალაქე არ შემოუშვეს.