ნათია თურნავა - იკვეთება შესაძლებლობა, სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერის სქემა, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ტურიზმის სექტორის გამოწვევებს მოვარგოთ
ნათია თურნავა - იკვეთება შესაძლებლობა, სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერის სქემა, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ტურიზმის სექტორის გამოწვევებს მოვარგოთ

კომერციულ ბანკებთან ერთად ვსაუბრობთ გამოწვევებზე, რაც ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას შეექმნა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც დღეს საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი თქმით, იკვეთება ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის რამდენიმე შესაძლებლობა.

„იკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერის სქემა და ფინანსური პროდუქტი, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მოვარგოთ დღევანდელ გამოწვევებს. ძალიან მალე ვიქნებით მზად, რომ კონკრეტული გეგმით დავუბრუნდეთ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საბანკო სექტორთან ერთად იმსჯელა გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ტურისტულ სექტორში მოქმედ ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სეგმენტს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ნეგატიურ ზეგავლენებს შეუმსუბუქებს.

ამასთან, უწყების ცნობით, შეხვედრაზე კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ეკონომიკის მინისტრის ინიციატივა, გამოხატეს აქტიური მხარდაჭერა და გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი მუშაობით მალე ჩამოყალიბდება ტურისტული სექტორის მხარდაჭერის კონკრეტული მიმართულებები.