ნათია თურნავა - გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას უნდოდა, დაწესებულიყო სანქციები, რომლებიც დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ჩვენს მოსახლეობას
ნათია თურნავა - გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას უნდოდა, დაწესებულიყო სანქციები, რომლებიც დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ჩვენს მოსახლეობას

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაკეთდა მაქსიმუმი, რათა მიგვეღწია ჩვენი ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა საქართველოს მიერ გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ვინ, თუ არა ჩვენ, მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA)  ქვეყნებთან. ახლაც მოლაპარაკებების პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ჯამში,  გვაძლევს უბაჟო წვდომის შესაძლებლობას 2,3 მილიარდ ახალ მომხმარებელზე“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი შეფასებით, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ხელისუფლებამ ქართულ ბიზნესს შეუქმნა.

„ეს არის ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ შევუქმენით ქართულ ბიზნეს. ანუ არა კონტროლი, არა ის, რომ ვუკარნახოთ, რომელ ქვეყანაში გაიტანონ, არამედ სრული შესაძლებლობა და თავისუფლება, რომ შეღავათიანი პირობებით ჰქონოდათ წვდომა უზარმაზარ ბაზარზე და თავად აერჩიათ, თუ სად გაეყიდათ ღვინო, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, მაგრამ ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც კარნახობს ბიზნესს, სად რა გაიტანოს. თუკი  ბიზნესი ნაწილობრივ ირჩევს ტრადიციულ ბაზრებს და მათ შორის რუსულ ბაზარს, ეს არის მათი არჩევანი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. კი, რუსული ბაზარი ჩვენს ექსპორტში არ არის წარმოდგენილი როგორც დომინანტი, ეს არის შარშანდელი მონაცემები – სულ 13 პროცენტი, მაგრამ ამ 13 პროცენტის უკან დგას ათობით მეღვინე, დგანან ჩვენი ფერმერები, ასევე სხვა მწარმოებლები. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი მათ არჩევანს და მათზეც უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა ნათია თურნვამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის სფეროსა და რუსი ტურისტების წილზეც გაამახვილა ყურადღება.

„25 პროცენტი არის რუსი ტურისტის წილი ჩვენს ტურიზმში და ამის უკანაც დგანან ჩვენი ოჯახები, ჩვენი საოჯახო სასტუმროები, ტაქსის მძღოლები, რესტორნის მესვეურები, ვინც ელოდებოდა ამ მილიონ ტურისტს და არავის აქვს უფლება, არ სცეს პატივი ამ ბიზნესის არჩევანს, ჩაერიოს ამაში და პლუს შეურაცხყოფა მიაყენოს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ძალას სწორედაც უნდოდა, რომ წამოსულიყო სანქციები, წამოსულიყო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან დიდი პრობლემებში ჩააგდებდა ჩვენს რიგით მოსახლეობას და პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს შეუქმნიდა პრობლემებს, 4 მილიარდ ლარზე მეტი ზარალი, რასაც ათობით ადამიანი განიცდიდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, მაგალითად ბათუმში კარგად ჩანს მსგავსი მავნებლური მიდგომის შედეგი.

„ახლა ჩვენ ბათუმში ვართ და ვხედავთ დაცარიელებულ პლაჟებს, რაც არის უკვე შედეგი ამ მავნებლური საქციელის, ამ მავნებლური მიდგომის. ახლა, ამ ბოლო დროს ვხედავთ საერთოდ ისტერიასა და ზღვარგადასულ შეურაცხყოფას იგივე თუნდაც ქართული ღვინისა და მეღვინეობის მიმართ, რაც არის ჩვენი კულტურისა და იდენტობის ნაწილი. რა თქმა უნდა, აღშფოთებული ვართ ამით და დარწმუნებული ვართ, რომ უბრალო ადამიანი ხედავს ამას ყველაფერს, ხედავს ვინ არის პასუხისმგებლიანი მთავრობა და როგორ ვიქცევით ჩვენ ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მაქსიმალურ დაბალანსებულ მიდგომას ვიჩენთ, რათა არ დავაზარალოთ მეტად ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და კიდევ სად დგანან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არანაირ პასუხს არ აგებენ საკუთარ გამონათქვამებსა და მათ შედეგებზე, რაც უფრო მეტად პრობლემას შექმნიან მით უფრო უკეთესია მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.