ნათია თურნავა - გვიანი გაზაფხულიდან შეიძლება ტურისტების გაზრდილი რაოდენობა ვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გართულდება, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ
ნათია თურნავა - გვიანი გაზაფხულიდან შეიძლება ტურისტების გაზრდილი რაოდენობა ვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გართულდება, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

2021 წელს ტურიზმის ამოქმედებასთან და გაჯანსაღებასთან დაკავშირებით ჩვენ გადაჭარბებული მოლოდინები არ შეიძლება გვქონდეს, რადგან ეს არ არის დამოკიდებული მარტო ჩვენ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, არამედ დამოკიდებულია იმ ქვეყნებზეც, საიდანაც ველოდებით ტურისტებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ტურიზმთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპები, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

„დამაიმედებელი სიგნალები უკვე არის, რომ გვიანი გაზაფხულიდან ჩვენ შეიძლება ტურისტების გაზრდილი რაოდენობა ვიხილოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გართულდება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ გავხსენით საჰაერო სივრცე საკმაოდ დიდი რაოდენობა ქვეყნებისთვის და ასევე შევამსუბუქეთ, გავამარტივეთ ქვეყანაში შემოსვლა. ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ეს არის სრულიად საკმარისი, პარალელურად რეგულარული ფრენების აღდგენასთან, რომ ტურისტულმა ინდუსტრიამ დაიწყოს ამოქოქვა. შემდეგი ეტაპია, ვიფიქროთ სახმელეთო საზღვრებზე, მაგრამ ეს მაინც ეტაპობრივად უნდა მოხდეს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს – თუკი რომელიმე საერთაშორისო ვიზიტორი აირჩევს უახლოეს თვეებში საქართველოს იმისთვის, რომ აქ გაატაროს არდადეგები ან შვებულება, მთავარი ფაქტორი იქნება უსაფრთხოება. უსაფრთხოება კი მიიღწევა სწორედ ამ რეგულაციების დაცვით და იმით, რომ ჩვენ ეტაპობრივად ვუდგებით გახსნებს. სხვაგვარად შეიძლება ყველაფერი გავხსნათ, მაგრამ ტურისტი მაინც ვერ მივიღოთ. ამიტომაც ჩვენი გზა არის ფრთხილი“, – განაცხადა თურნავამ.