ნათია თურნავა - გვაქვს კონკრეტული გეგმა, ვმუშაობთ, როგორც რუსი ტურისტების შენარჩუნების, ასევე უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისა და ახალი ტურისტების მოზიდვის კუთხით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უკვე არსებობს კონკრეტული გეგმის მონახაზი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ტურისტული სექტორის დახმარებას ითვალისწინებს.
როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში, ეს არის საქართველოს მშვიდი ტურისტული იმიჯის განმტკიცება.
თურნავას განცხადებით, ამ მიმართულებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ, ასევე ჩართულია დიპლომატიური არხები.
მისი თქმით, მეორე საკითხია სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება ლიჯისტიკის მიმართულებით, ასევე საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მცირე და საოჯახო სასტუმროების ჩართვა.
მინისტრის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით კომერციულ ბანკებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
თურნავა ამბობს, რომ ტურისტულ სექტორს ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით 12 ახალი რეისის დანიშვნაც დაეხმარება.
„გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ბიზნესის მოთხოვნებს ეყრდნობა. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც რუსი ტურისტების შენარჩუნების კუთხით, ასევე სხვა ქვეყნებში უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისა და ახალი ტურისტების მოზიდვის მიმართულებით. უფრო მეტ დეტალზე საუბარი მომდევნო კვირას იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნათია თურნავას განცხადებით, ახლა მთავარია, დამშვიდდეს სიტუაცია, რაც მისივე თქმით, დადებითად აისახება ეკონომიკის განვითარებაზე, ლარის გაცვლით კურსზე, საინვესტიციო გარემოზე, ტურიზმის სექტორში ვითარების შერბილებასა და განეიტრალებაზე.