ნათია თურნავა - გიგი უგულავას შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება სერიოზულ ბრალდებას ეფუძნება და არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან
ნათია თურნავა - გიგი უგულავას შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება სერიოზულ ბრალდებას ეფუძნება და არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან

გიგი უგულავასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება ძალიან სერიოზულ ბრალდებას ეფუძნება და ამას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო თანხების გაფლანგვა წინა ხელისუფლების სტილი იყო.

„როგორც მოვისმინე, სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება კონკრეტულად ძალიან სერიოზულ ბრალდებას. ეს არის საბიუჯეტო თანხების მითვისება, დაახლოებით 50 მლნ ლარზეა საუბარი. ეს არის საკმაოდ სერიოზული ბრალდება და, რა თქმა უნდა, ამას არავითარი კავშირი  არ აქვს პოლიტიკასთან. ზოგადად შეგახსენებთ, ეს იყო წინა ხელისუფლების სტილი, სახელმწიფო თანხების გაფლანგვა. ჩვენ კი, თუნდაც დღეს აქ იმისთვის ვართ შეკრებილი, რომ პირიქით, მილიონობით თანხა შევმატოთ ბიუჯეტს. სულ მცირე, 82 მლნ ლარის საინვესტიციო პაკეტი შევთავაზეთ ბიზნესს და ეს თანხები მოხმარდება პენსიებს, საინვესტიციო პროექტებს, გზებს, გაზიფიკაციას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან აღნიშნული კომენტარი ბაზალტის საბადოზე გააკეთა, სადაც პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ახალი კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართა.

მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.