ნათია თურნავა - „ფრიდრიხ ებერტის ფონდმა“ სწორი შეფასება მისცა მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს
პანდემიის პირველივე დღიდან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსახლეობას და მცირე ბიზნესს შევუმსუბუქოთ ის დარტყმა, რაც აუცილებლად იქნებოდა გამოწვეული პანდემიით და ჩვენ ეს მოვახერხეთ, რაც დადასტურდა კიდეც „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ კვლევაში, სადაც სწორი შეფასება აქვს ჩვენს ნაბიჯებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, „მთავრობის დახმარება იყო ძალიან ზუსტად ადრესირებული იმ ჯგუფებზე, მოსახლეობის იმ მოწყვლად კატეგორიებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება და სწორედ ეს აისახა „ებერტის ფონდის“ კვლევაში”.
გერმანული „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდის დაკვეთით სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“.
კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ მიღებულმა ანტიკრიზისულმა ზომებმა საგრძნობლად შეარბილა და შეამსუბუქა კრიზისის დარტყმა. კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები ყველა ეტაპზე ხასიათდება სამიზნე ჯგუფის მაღალი სიზუსტით და მიმართულია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისკენ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.