„ფრიდრიხ ებერტის“ ფონდის კვლევა - საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა ანტიკრიზისულმა ზომებმა საგრძნობლად შეარბილა და შეამსუბუქა კრიზისის დარტყმა
„ფრიდრიხ ებერტის“ ფონდის კვლევა - საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა ანტიკრიზისულმა ზომებმა საგრძნობლად შეარბილა და შეამსუბუქა კრიზისის დარტყმა

გერმანული „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდის დაკვეთით, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“.

კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ მიღებულმა ანტიკრიზისულმა ზომებმა საგრძნობლად შეარბილა და შეამსუბუქა კრიზისის დარტყმა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები ყველა ეტაპზე ხასიათდება სამიზნე ჯგუფის მაღალი სიზუსტით და მიმართულია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისკენ.

„განხორციელებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა არსებითად შეაფერხა შემოსავლების შემცირება და სიღარიბის ზრდა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ზომების გარეშე, უმუშევრობის დონე შესაძლებელია 20%-ით გაზრდილიყო, შემოსავლები საშუალოდ 8.7%-ით დაწეულიყო, ხოლო სიღარიბის დონე 4.4%-ით გაზრდილიყო, რაც სოციალური ფონის მკვეთრ გაუარესებას მოასწავებდა. მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების მეშვეობით კი, შემოსავლების ვარდნის ტემპი დაახლოებით ორი პროცენტული პუნქტით მოიკლებს, სიღარიბის დონე 2020 წელს შესაძლოა, რამდენადმე შემცირდეს, რაც კარგ შედეგად ითვლება და მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამების მიზნობრიობის მაღალ სიზუსტეზე მეტყველებს. კვლევის თანახმად, მთავრობამ შედარებით მოკლევადიან ანტიკრიზისულ ღონისძიებებთან ერთად წარადგინა კრიზისიდან გამოსვლის უფრო გრძელვადიანი ღონისძიებების პაკეტი, რომელთაც კრიზისის გაგრძელების, კერძოდ, მისი ახალი ტალღის პირობებში, შესაძლოა, მოჰყვეს როგორც ანტიკრიზისული, ისე პოსტკრიზისული ეფექტები. აღნიშნული პაკეტის წარდგენამ შრომის ბაზარზე პოზიტიური მოლოდინი შექმნა, რამაც პირველ ეტაპზე უმუშევრობის მაჩვენებლის მკვეთრი მატების პრევენციას შეუწყო ხელი“, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთავრობის მიერ გამოცხადებული გრძელვადიანი ღონისძიებების დროულად და მიზანმიმართულად განხორციელებას, რაც, ერთი მხრივ, კრიზისის ახალი ტალღის დარტყმას შეამსუბუქებს, ხოლო, მეორე მხრივ, შექმნის ნიადაგს პოსტკრიზისული ეკონომიკური დინამიკისათვის.

დატოვე კომენტარი