ნათია თურნავა - ფრენების საერთაშორისო ნორმების დანერგვა საქართველოს ავიაბაზარზე მეტ წარმატებულ ავიაკომპანიას მოიზიდავს
ფრენების უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მხრივ საქართველოს სამოქალაქო ავიაცია რეგიონში პირველია, ხოლო ევროპაში საუკეთესო ქვეყნების ათეულში შედის, – ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, ლევან კარანაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადა, სადაც 2019 წლის შედეგებისა და 2020 წლის სამომავლო პროექტები განიხილეს. განხილვას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა.
ლევან კარანაძის განცხადებით, 2019 წლის ბოლოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე 32 სამგზავრო, მათ შორის, 30 უცხოური და სამი სატვირთო ავიაკომპანია იყო წარმოდგენილი. ამავე პერიოდში, საქართველოდან სრულდებოდა ფრენები მსოფლიოს 36 ქვეყანაში 74 საერთაშორისო მიმართულებით, მათ შორის, ევროპის 20 ქვეყანაში, ხოლო ყოველკვირეულად, საშუალოდ 340 რეისი ხორციელდებოდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე წარადგინა საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა დინამიკა, რომელიც ზრდადია და 2019 წელს, რუსეთიდან ავიაფრენების შეჩერების მიუხედავად, საქართველოს აეროპორტებში იმაზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, ვიდრე 2018 წელს. ლევან კარანაძის განცხადებით, ზრდამ 3,5 პროცენტი შეადგინა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფრენების უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის ხარისხი. მისი თქმით, ბოლო წლებში მსოფლოს საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლების მიმართ საქართველოს შესაბამისობის ხარისხი მნიშვნელოვნად (32 პროცენტიდან 88 პროცენტამდე) გაუმჯობესდა. ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
ლევან კარანაძის განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში რეფორმები გაგრძელდება, მათ შორის, სააგენტო გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისთვის ხმაურთან დაკავშირებული მოთხოვნების დანერგვას. წესის მიზანია, საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის მიერ წარმოქმნილი ხმაურის შემცირება. ასევე შესაბამისი ევროპული რეგულაციის შესაბამისად, იგეგმება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სერტიფიცირების წესის მიღება, რაც უზრუნველყოფს ქართული მოწმობების სრულ შესატყვისობას ევროკავშირის სტანდარტებთან. დადგინდება ახალი მოთხოვნები როგორც მეთვალყურის კვალიფიკაციის, ისე მათი სამუშაო პროცესის მიმართ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ შეხვედრაზე აღნიშნა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და გამართული მუშაობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, პირველ რიგში კი, ტურიზმის წარმატებული ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს რეფორმებს, რომლებიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს. ფრენების საერთაშორისო ნორმების დანერგვის პროცესის გაგრძელება საქართველოს ავიაბაზარზე უფრო მეტ წარმატებულ საერთაშორისო ავიაკომპანიას მოიზიდავს, რაც თავის მხრივ, აისახება ფრენების გეოგრაფიის გაზრდილ დინამიკაში. ჩვენი მიზანია, საქართველო ტრანზიტულ ქვეყანად ვაქციოთ სამოქალაქო ავიაციის სექტორშიც, რისი პოტენციალიც ძალიან მაღალია. ასევე მიგვაჩნია, რომ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, გავზარდოთ კარგო გადაზიდვების მაჩვენებლებიც, რის შესახებაც არსებობს მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ეფექტიან გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყანაში მცირე ავიაციისა და მცირე აეროდრომების ქსელის განვითარებისთვის.