ნათია თურნავა - „ევროპული საქართველო“, რომელიც მემარჯვენეობაზე დებს თავს, „საბჭოთა ურავნილოვკის“ პრინციპს გვთავაზობს
ნათია თურნავა - „ევროპული საქართველო“, რომელიც მემარჯვენეობაზე დებს თავს, „საბჭოთა ურავნილოვკის“ პრინციპს გვთავაზობს

ძალიან მიკვირს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს დებს მემარჯვენეობაზე, „საბჭოთა ურავნილოვკის“ პრინციპს გვთავაზობს, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას შეკითხვას.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მინისტრს მიმართა კითხვით: „ექვსი მილიარდი არის დაკარგული. 300 მილიონი დაუტოვეთ ხალხს. თქვენი აზრით, ეს ბალანსი პასუხობს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები, მეწარმეები დგანან?“.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, შეღავათი შეეხო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

„ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, მათ შორის საშეღავათო ტვირთების ნაწილში იყო მკაცრად მიზნობრივი, სწორედ მათ მივანიჭეთ შეღავათები, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, თან იმდაგვარად, რომ არ დაგვეზარალებინა ჩვენი ბიუჯეტი, რომელიც წელს დაბალანსებულია საგარეო დახმარების წყალობით. ეს, რა თქმა უნდა, ვალია და მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება.

საშემოსავლო გადასახადი ჩვენ გავუნულეთ 750 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებს. 750-დან 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანებს საკმაოდ სერიოზული შეღავათი მივანიჭეთ საშემოსავლოში იმ პირობით, რომ მათი სამუშაო ადგილები შენარჩუნდება. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ სწორედ მიზნობრივად დასაქმების მხარდაჭერა გვინდოდა.

რაც შეეხება ქონების გადასახადს აქაც ჩვენ, ყველაზე დაზარალებულ ინდუსტრიას, ტურიზმის ინდუსტრიას მივანიჭეთ ეს შეღავათი; საერთოდ მოვუსხენით ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადიც გადავუვადეთ და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ შიდა ტურიზმის სეზონი ჩაგვეტარებინა. სწორად ახსენეთ, ამ გზით, 300 მილიონამდე დარჩა ეკონომიკაში და ეს ის ციფრია, რომელიც წაადგა ხელფასების გაცემას, ამ დარგების ფუნქციონირებას“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეეხოთ შეღავათი იმ მსხვილ ბიზნესებს, რომელიც შეზღუდვების მიუხედავად შეუფერხებლად მუშაობდა.

„მე ყურადღებით გავეცანი თქვენს დაპირებებს საგადასახადო შეღავათების ნაწილში. რატომ უნდა გაგინახევრდეთ თქვენ საშემოსავლო გადასახადი, მითხარით? რატომ უნდა გაგიკეთდეთ, დავუშვათ, პარლამენტის წევრს ეს შეღავათი, როდესაც რამდენადაც ვიცი და თუ არ მეშლება, ჯერ კიდევ პანდემიამდე დისტანციური მუშაობის რეჟიმზე იყავით გადასული ამ პარლამენტში.

არ მესმის, რატომ არ უნდა გადავახდევინოთ გადასახადი მსხვილ ბიზნესებს მაგალითად, ან ყველა დარგს ან იმ საწარმოებს, ვინც „კოვიდის“ მიუხედავად შეუფერხებლად მუშაობდა. ბატონო გიგა, თქვენ გემახსოვრებათ ეს ტერმინი, ეს არის „საბჭოთა ურავნილოვკის“ პრინციპი. ძალიან მიკვირს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს დებს მემარჯვენეობაზე, „საბჭოთა ურავნილოვკის“ პრინციპს გვთავაზობს“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, რეგიონის მასშტაბით საგადასახადო წნეხი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

საკითხზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნაც მოიშველია.

„ნათია თურნავა კი არ გიპასუხებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გამოქვეყნდა საინვესტიციო გარემოსთან მიმართებაში, არ გაინტერესებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მსჯელობა? იქ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი საინვესტიციო გარემო არის შეფასებული, როგორც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო“, – განაცხადა თურნავამ.