ნათია თურნავა - ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მაქსიმალური მოთხოვნაა
ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიემართება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მაქსიმალური მოთხოვნაა.
ამასთან, ნათია თურნავამ საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„დღეს ქვეყნდება უფრო დეტალური, ჩაშლილი ინფორმაცია, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ არა უბრალოდ ექსპორტის ზრდაზე, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივ ექსპორტსაც შეიცავს და რეექსპორტსაც, არამედ უშუალოდ ადგილობრივი წარმოების საექსპორტო წარმოების ზრდაზე. 2021 წლის ნოემბერში გვაქვს საკმაოდ დადებითი ტენდენცია. ადგილობრივი, ქართული წარმოების ექსპორტი 2020 წლის ნოემბერთან შედარებით 41,1%-ით გაიზარდა. თუ შევადარებთ 2019 წლის, ანუ პანდემიამდე პერიოდს, 2019 წლის ნოემბერს, აქაც გვაქვს 49%-იანი ზრდა. ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა ნოემბერში 325,2 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 11 თვეს თუ დავაჯამებთ, ამ პერიოდში სწორედ ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდამ განაპირობა. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ამ თერთმეტ თვეში გვაქვს 28,7%, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების გაყიდვებმა საგარეო ბაზარზე გადააჭარბა 2,8 მილიარდ დოლარს. შეგვიძლია, ახლა უკვე ვიმსჯელოთ გეოგრაფიაზე, გეოგრაფია კვლავაც არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ არც ერთ კონკრეტულ, ცალკე აღებულ ბაზარზე არ არის დამოკიდებული ჩვენი მწარმოებელი და ქვეყნების მაქსიმალური რაოდენობა არის მოცული.
სწრაფი ზრდა გვაქვს როგორც რეგიონის ქვეყნებში, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ბაზარზე პროდუქციის გაყიდვაზე. ასევე ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც კიდევ გამოირჩევიან მაღალი ზრდის მაჩვენებლით. სწრაფად იზრდება იქ ჩვენი ქართული წარმოების პროდუქციის გაყიდვა და უფრო მეტიც, მატულობს. რაც შეეხება, თვითონ რა პროდუქციის მიხედვით დაფიქსირდა ზრდა, სად გაიზარდა ჩვენი ექსპორტი, ტრადიციულად ლიდერობს მომპოვებელი და მძიმე მრეწველობის პროდუქცია, ეს არის სპილენძის მადნები, ფეროშენადნობი და აზოტოვანი სასუქები, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ამ ჯგუფის შემდეგ, მესამე-მეოთხე პოზიციაზე ზრდის ტემპით არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, კვების მრეწველობა, ღვინო, თხილი, კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიემართება და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მაქსიმალური მოთხოვნაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.