საქსტატი - იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.1 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.1 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 822.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 3 822.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (26.7 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 8 999.3 მლნ აშშ დოლარს, ზრდა – 24.5 პროცენტია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 5 176.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 896.7 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 1 475.3 მლნ აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 359.5 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი. მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.5 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 569.1 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი – 549.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 488.3 მლნ აშშ დოლარით. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 605.1 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 926.2 მლნ აშშ დოლარითა და ჩინეთი – 790.4 მლნ აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის თერთმეტ თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 750.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 417.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 414.8 მლნ აშშ დოლარით.

ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 796.2 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 737.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 668.3 მლნ აშშ დოლარით.

დატოვე კომენტარი