ნათია თურნავა - დიდი ალბათობით, რეგულარული ფრენების შეზღუდვა ივლისის ბოლომდე მოგვიწევს
ჩვენ, დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგულარული ფრენები, დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ტურიზმთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ ის მონაპოვარი გაძლიერდეს, რასაც ჰქვია ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა და მოსახლეობის დაცვა.
„ჩვენ ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს, საერთაშორისო ტურისტებს. აქ იქნება რამდენიმე მიმართულება, ბიზნესვიზიტორებისთვის, სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და მალე გახდება საჯარო. იქნება ძალიან დაცული რეგულაციები, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე, ამ დღეებში ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარი და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებზეც. რაც შეეხება ფრენებს, დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგულარული ფრენები, დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება. ჩვენ ამას გავაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულარული ფრენების აღდგენა, პირველ რიგში, დამოკიდებულია დანარჩენი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, რომ აღდგეს რეგულარული ფრენები. დღეს ის ვითარებაა, როცა პირველი არის ჯანმრთელობა. ჩვენ ალბათ გადავავადებთ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების გახსნას, სრული მასშტაბით. არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი, რომ გაგვეხსნა ფრენები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.