ნათია თურნავა - დადებითად შევხვდებით, თუ სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება
ნათია თურნავა - დადებითად შევხვდებით, თუ სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიესალმებიან, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შეწყვეტის მიუხედავად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, მათ შორის საქართველოს სახმელეთო გზით და არაპირდაპირი ფრენების მეშვეობით სტუმრობენ რუსი ტურისტებიც.

მინისტრის განმარტებით, რუსი ტურისტები ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, შესაბამისად, უსაფრთხოების თემები, რა საბაბითაც ფრენები აიკრძალა, დღის წესრიგში აღარაა.

„ჩვენ ყოველთვის დადებითად შევხვდებით იმას, თუ  ეს სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და ფრენები აღდგება. იგივე წლის შედეგებმა დაგვანახა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, მათ შორის რუსი ტურისტებიც ჩამოდიან სხვა გზებით, სახმელეთო გზით ან არაპირდაპირი ფრენებით. მართალია, მათ გაურთულდათ ჩამოსვლა, მაგრამ მაინც ჩამოდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საბაბი, რის გამოც აკრძალვა მოხდა, ანუ უსაფრთხოების თემები, აღარაა დღის წესრიგში. თვითონ რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა. არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ საღი აზრიდან გამომდინარე მაქვს მოლოდინი, მიხვდებიან, რომ ამ შეზღუდვას არანაირი აზრი არ აქვს“ ,- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა.