ნათია თურნავა - ჩვენი სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი ნაწილია, როდესაც კახეთიდან წასული რუსი ტურისტი მართალ ინფორმაციას ჩაიტანს თავის ქვეყანაში საქართველოსთან დაკავშირებით
ჩვენი სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი ნაწილია, როდესაც კახეთიდან წასული რუსი ტურისტი მართალ ინფორმაციას ჩაიტანს თავის ქვეყანაში საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა, სადაც კახელ ფერმერებთან და სასტუმროების მეპატრონეებთან შეხვედრა გამართა.
მინისტრის თქმით, რეგიონის მცხოვრებლები დიდ იმედებს ამყარებდნენ ტურისტული ბაზრის განვითარებაზე, მათ შორის რუს ტურისტებზე და მთავრობა მათ გამოწვევის წინაშე არ დატოვებს.
„ეს დღეები ინტენსიურად ვხვდებით ტურიზმის დარგის წარმომადგენლებს, ვიყავით აჭარაში, ქუთაისში, ახლა ვართ კახეთში და აქ ტურიზმის დარგი განუყოფელია მეღვინეობიდან და სოფლის მეურნეობიდან. ძალიან ბევრი მცირე სასტუმროა, ძალიან ბევრი მშრომელი ადამიანია, ვინც იწყებდა თავის მოღვაწეობას სოფლის მეურნეობაში და ახლა დივერსიფიკაციის ფარგლებში სასტუმროებიც ააშენეს. დიდ იმედებს ამყარებდნენ ტურისტული ბაზრის განვითარებაზე, მათ შორის რუს ტურისტებზეც და რა თქმა უნდა, ახლა დიდი გასაჭირი დაუდგათ, ყოველ შემთხვევაში საფრთხის წინაშე დადგნენ. მთავრობა არ დატოვებს ამ ადამიანებს ამ გამოწვევის წინაშე”, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, მათ შორის მუშავდება გეგმა, რომელიც გარკვეული ფინანსური დახმარების პაკეტებსაც ითვალისწინებს.
„ძალიან აქტიურად ვუსმენთ და ვამუშავებთ გეგმას, მათ შორის გარკვეული ფინანსური დახმარების პაკეტიც იქნება; ამაზე უკვე კონკრეტულად შევძლებთ შემდეგ კვირაში ვისაუბროთ. გარდა ფინანსური პრობლემებისა, რომლის წინაშეც ისინი ფიქრობენ რომ დგებიან, წამოვიდა ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც არა მარტო კახეთში, არამედ ყველგან გაჟღერდა; პირველი – ეს არის მშვიდობა და სტაბილურობა, ძალიან კარგად ბრძანა აქ ბატონმა, რომ მშვიდობა იყოს და ჩვენ ჩვენი შრომით არას დავაკლებთ ქვეყანას, ვიმუშავებთ და შესაბამისად, ამ კუთხით მოუწოდებენ თვითონაც ყველა პოლიტიკოსს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემატიკას, ტურიზმის გასაჭირს, ამ ოჯახების გასაჭირს და იყოს სტაბილურობა, იყოს მშვიდობა, არ იყოს პროვოკაციული ფონი და ამაში რა თქმა უნდა, გვერდში ვუდგავართ. მეორე მიმართულება, ეს არის მაქსიმალური ძალისხმევა, რომ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე და შევინარჩუნოთ რუსული ბაზარი. ჩვენ ამ მიდგომასაც ვიზიარებთ, რადგან ვართ სტუმართმოყვარე ქვეყანა, გახსნილი ქვეყანა და ჩვენთვის ღირებულია რუსი ტურისტი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი ნაწილი, როდესაც კახეთიდან წასული რუსი ტურისტი მართალ ინფორმაციას ჩაიტანს თავის ქვეყანაში საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ვირჩევთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას და ეს არის მშვიდობიანი მოგვარების დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.