ნათია თურნავა - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობს
ამ ყველაზე რთულ, პოსტკრიზისულ წელს, სრულად დავასუბსიდირებთ ტარიფის ნაზარდს ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობისთვის, ასეთი არის ჩვენი ოჯახების 95 პროცენტი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის ამ გადაწყვეტილების შედეგად, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობს.
ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფო დაასუბსიდირებს ელექტროენერგიის ფასნამატის 50 პროცენტს საკვები პროდუქტების ადგილობრივ წარმოებაში მომუშავე კომპანიებისთვის.
„სემეკ-ი არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს საკუთარი მეთოდოლოგიით და მთავრობას არც აქვს უფლება, ჩაერიოს მათ კომპეტენციაში, მაგრამ ჩვენ ვიცით ზოგადად, რა ხდება ენერგეტიკის დარგში და აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის, რომ ტარიფების ზრდა მოხდება. ენერგეტიკის წინა ტარიფები სამი წლის წინ იყო დამტკიცებული და ბევრი რამ მოხდა ამ დროის განმავლობაში, ბევრი ინვესტიცია იყო გადამცემ ხაზებში, ბევრი განვითარება, რაც საბოლოო ჯამში, ტარიფში ჰპოვებს ასახვას. 2020 წელს პანდემიით გამოწვეულმა უდიდესმა კრიზისმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ყველა ბიზნესი, მათ შორის ენერგეტიკის სექტორი, რომელიც არის ყველა სხვა ბიზნესის ხერხემალი, შემცირდა ეკონომიკა, შემცირდა მოხმარება, ელექტროკომპანიებს შემოსავლები შეუმცირდათ და ამან შეიძლება, რისკის ქვეშ დააყენოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება, თუ არ მოხდება ტარიფის შესაბამისი კორექტირება, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერიოთ სემეკ-ის კომპეტენციაში, მაგრამ რაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია და მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებთ კიდევაც, ეს არის ის, რომ დავიცვათ მოსახლეობა ასეთ რთულ დროს ტარიფის ზრდისგან. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რამდენიც არ უნდა იყოს ეს ფასნამატი, ჩვენ შემდგომი 12 თვის განმავლობაში, ამ ყველაზე რთულ, პოსტკრიზისულ წელს, სრულად დავასუბსიდირებთ ტარიფის ნაზარდს ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობისთვის, მათთვის, ვინც მოიხმარს 300 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიას თვეში და ასეთი არის ჩვენი ოჯახების 95 პროცენტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობა პრაქტიკულად, მათი უდიდესი უმრავლესობა ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობს და ამისთვის ჩვენ რესურსებს აუცილებლად წარვმართავთ.
ასევე, ტარიფების გადახედვა ხდება არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ კომერციული მომხმარებლების ნაწილში. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე დიდი რისკი იმისა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა აისახოს ფასებში, არის კვების მრეწველობა და ეს იქნებოდა ისევ და ისევ ყველაზე მტკივნეული ჩვენი მოსახლეობისთვის, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, კომერციული ტარიფის ნაზარდის ფასნამატი 50 პროცენტით დავუსუბსიდიროთ ადგილობრივი კვების წარმოებას. აქედან გამომდინარე, ეს წნეხი აღარ იქნება ასახული კვების პროდუქტების სამომხმარებლო ფასებში, რაც მერწმუნეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.